თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი, რომლებიც სწავლების ჰიბრიდულ რეჟიმს მოითხოვენ, დღეს უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს შეხვდნენ.
საჯარო შეხვედრაზე მყოფი სტუდენტების თქმით, რექტორისა და ადმინისტრაციის შეთავაზება – ასინქრონულ დავალებებზე, საგნის ლექტორთან საკონსულტაციო საათებსა და სასწავლო მასალის ონლაინ-პლატფორმაზე ატვირთვის შესახებ, საკმარისი არაა. მათივე თქმით, რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, ჩაერთონ სალექციო/სასემინარო პროცესში, რის სრულყოფილ შესაძლებლობასაც მხოლოდ ჰიბრიდული რეჟიმი ითვალისწინებს.
ამასთან, როგორც სტუდენტები ამბობენ, სალექციო პროცესში ონლაინჩართვის უზრუნველყოფა ცალკეული ლექტორების კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ისინი მოითხოვენ, რექტორმა: 1. დაუშვას ჰიბრიდული სწავლის რეჟიმი და 2. გამოსცეს შესაბამისი ბრძანება, რაც ამ პოზიციას სამართლებრივად გაამყარებს.
„ლექტორის კეთილ ნებაზე არ არის ეს დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია იმ შესაძლებლობაზე, რომელიც ფაკულტეტებს გააჩნიათ… რაც შეეხება განათლების სამინისტროს, უნივერსიტეტმა გაითვალისწინა ბევრი რამ, მათ შორის ის ჰიბრიდული ელემენტები, რომლებზეც დღესაც გვქონდა საუბარი”, – განაცხადა შარვაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
1-საათიანი შეხვედრის დასასრულს, სტუდენტებმა რექტორს მათი მოთხოვნების შესრულებისთვის დრო 6 საათამდე მისცეს. თსუ-ის სააქტო დარბაზში ასევე გაისმა რიტორიკული შეკითხვაც – ხომ არ მიაჩნია რექტორს, რომ ეს ის მომენტია, რომლის შემდეგაც მისი შემცვლელი მოვა.
„თქვენი მოსვლა თსუ-ში, ჯილდოდ იმ ამბებისა, რომებიც 2016-2017 წლებში მოხდა… ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს არის ის მომენტი, როდესაც თქვენი შემცვლელი მოვა შემდეგ? სწორედ იმავე ამბებით, როგორც თქვენ მოხვედით.
ჩვენ გაძლევთ 6 საათამდე დროს, რათა კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ, შემთხვევით შეცდომა ხომ არ იყო თქვენი ის გადაწყვეტილება, ხომ არ შეცვლიდით და ხომ არ დაფიქრდებოდით ამაზე. ხვალ დასვენების დღეა, დღეს გვაქვს 6 საათამდე დრო. თუკი ჩვენ ამას ვერ მივიღებთ თქვენგან, 6 საათის შემდეგ აქ მყოფი სტუდენტები და ისინი, ვინც აქ დღეს ფიზიკურად ვერ არის… 6 საათის შემდეგ, იქნება და, მოთხოვნას ხომ არ დავამატოთ ის, რომ როგორც თქვენ მოხვედით 2016 წელს, ისევე მოვიდეს ვიღაც სხვა?”, – აღნიშნა რატი რატიანმა.
აღნიშნულზე რექტორმა განაცხადა: „რას ვფიქრობ და ის გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მივიღეთ, იყო სწორი”.
მისი ამ რეპლიკის შემდეგ სტუდენტებმა განაცხადეს, რომ მის მოსმენას აღარ აპირებენ და 6 საათამდე დაელოდებიან მოთხოვნებზე პასუხს.
„ვასრულებთ დიალოგს, აღარ გისმენთ, ამ რეჟიმში დიალოგის გაგრძელება შეუძლებელია. გელოდებით 6 საათამდე, გაგვაგებინეთ საბოლოო პასუხი. თუ არ იქნება თანხმობა ჩვენს მოთხოვნებზე, მაშინ ვიმუშავებთ სამუშაო გეგმაზე. გაგაცნობთ რას გავაკეთებთ”, – აღნიშნა სტუდენტმა ბარბარე საურმა.