მოტოციკლისტის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

19 წლის მოტოციკლისტის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პროკურორის განცხადებით, გამოკითხული არიან მოწმეები, საქმეში არის ექსპერტიზის დასკვნაც და ასევე, ამოღებულია გარდაცვლილის ჩაფხუტზე დამაგრებული კამერის ვიდეოჩანაწერი. მისივე თქმით, პატრულ-ინსპექტორი მოძრაობის წესების დარღვევით გადაადგილდებოდა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

„დევნის ოპერაციაში, როდესაც თავდაპირველად შენიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, რომ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა გარდაცვლილი, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი და არ ემორჩილებოდა, ასე ვთქვათ, შუქნიშნის შესაბამის ნიშნებს, ამის შემდეგ დაიწყო დევნა. დევნის ოპერაციაში ჩართული იყო რამდენიმე ეკიპაჟი, ამ შემთხვევაში ორი და როდესაც შენიშნეს, რომ ეს ადამიანი უკვე აღარ იყო მათი თვალთახედვის არეალში, როგორც თავად განმარტავენ, ჩაუხვიეს ხუციშვილის ქუჩაზე, გადაკვეთეს ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი და სწორედ ამ დროს მოხდა შეჯახება. ამ ეტაპისთვის გამოვლენილი არის, რომ ამ შემთხვევაში ბრალდებული მოძრაობდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით და სწორედ ამან გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,” – განაცხადა პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა.

ადვოკატმა კი უარყო, რომ ეს დევნის ოპერაცია იყო და განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, მოტოციკლისტის შეჩერებას ცდილობდა.

დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც საგზაო წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, თბილისში, რ.დ. მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაჩერება, რასაც იგი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

შემდეგი სასამართლო სხდომა 12 სექტემბერს ჩაინიშნა.