„მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 639 684 ლარს" - საგამოძიებოს ცნობით, 1 პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ცნობით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 639 684 ლარს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020-2023 წლებში, ბრალდებულმა, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით, შემოსავლების სამსახურში წარადგინა დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციები, რომლებშიც შეტანილ იქნა ფიქტიური მონაცემები რეალიზებულ საქონელთან მიმართებაში, რა გზითაც, მან კომპანიას შეუქმნა დღგ-ს ყალბი აქტივი.

დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, ჯამში – 639 684 ლარს”, – ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებოს ცნობით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.