მოუმზადებელ აქციას ჩვენ უნდა გავემიჯნოთ – კობახიძე 16 ივნისის აქციაზე

პუბლიკა

„მოუმზადებელ აქციას ჩვენ უნდა გავემიჯნოთ“, – საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისი გუნდი პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება.

კობახიძე აცხადებს, რომ აქცია არის მოუმზადებელი და სწორედ ეს არის კრიტერიუმი, რის საფუძველზეც „ოცნება“ მასში მონაწილეობას არ მიიღებს. კობახიძის მტკიცებით, ამგვარ მოუმზადებელ აქციაზე იქნება ხარვეზი ლოჯისტიკის და რაოდენობის მობილიზების კუთხით, რაც ევროკავშირში გაწევრებაზე მოსახლეობის 85%-იან მხარდაჭერას მხოლოდ დააკნინებს.

„თან აქციები რამეს ცვლის?! ნუ, წარმოუდგენელი რაღაცაა, რაც არის შემოთავაზებული. ასეთ დროს ჩვენ მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ“, – ამბობს ის.

კობახიძის განცხადებით, ამ აქციის კონტექსტში პრეზიდენტმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებისკენ მოუწოდა, რაც, მისი შეფასებით, არასერიოზულია.

„ამ აქციის კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ „ომის პარტიასთან“, როგორც მას თავადვე უწოდა, რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც რბილად რომ ვთქვა, არასერიოზულია. ყველამ კარგად იცის, მათ შორის, ევროპაში,  რომ ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85% უჭერს მხარს. ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს.

გარდა ამისა, ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამართლიანობის პრინციპით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღწევების შეფასების საფუძველზე. სამართლიანი შეფასების პირობებში კი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს. დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გვაქვს რწმენა, გაიმარჯვებს სიმართლე და სამართლიანობა – ეს ის ღირებულებებია, რომელთაც ევროკავშირი დაეფუძნა“, – განაცხადა კობახიძემ.

14 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე 16 ივნისს 19:00 საათზე აქცია დაანონსა. მან მოუწოდა მოქალაქეებს, რომ მივიდნენ აქციაზე, რათა ევროპას აჩვენონ ერთიანი სურვილი, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრება. ამასთან ერთად, სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისს დაგეგმილი აქციის -„შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებს აქციის გადადებისკენ მოუწოდა, რაზეც უარი მიიღო.