სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი „ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების გაფიცვას ეხმაურება, რომელიც 12 ივლისს არის დაგეგმილი და პროფკავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ევოლუშენის“ 4621 თანამშრომელი უერთდება.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, დამსაქმებლის მიერ დაცული იყოს დასაქმებულთა შრომის უფლებები. იოსელიანი მოუწოდებს „ევოლუშენ ჯორჯიას”, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად და თავი შეიკავოს დასაქმებულთა ღირსების შემლახავი ქმედებებისგან.
„ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემო და შრომის ღირსეული ანაზღაურება შრომითი უფლების განუყოფელი ნაწილია და მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანის ღირსეული ცხოვრება. გასათვალისწინებელია, რომ ევროპის სოციალური ქარტია, რომლის ხელშემკვრელ მხარეს საქართველოც წარმოადგენს, აღიარებს ყველა მუშაკის უფლებას, ჰქონდეს უსაფრთხო, სამართლიანი შრომის პირობები და შრომის სათანადო სამართლიანი ანაზღაურება, რაც უზრუნველყოფს მათი და მათი ოჯახების ცხოვრების ღირსეულ დონეს.
როგორც სახალხო დამცველის პრაქტიკა მოწმობს, სამწუხაროდ, დასაქმებულების მიერ შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა ან სამუშაოსთან დაკავშირებული კრიტიკის გამოთქმა ზოგადად დამსაქმებლების მხრიდან მიუღებელ პოზიციად ფასდება და ხშირად, საფუძვლად ედება დამსაქმებლის მიერ განსხვავებული მოსაზრების გამო მშრომელების შევიწროებას, სამსახურიდან გათავისუფლებას ან შრომითი უფლებების სხვაგვარ დარღვევას.
დაანონსებული გაფიცვის სავარაუდო მასშტაბის გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ – აქტიური კომუნიკაცია დაამყაროს დასაქმებულებთან, მათ მიერ დაყენებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად და თავი შეიკავოს დასაქმებულთა ღირსების შემლახავი ქმედებებისგან.
როგორც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის არის ცნობილი, შრომის ინსპექციის სამსახურმა შპს „ევოლუშენ ჟორჯიას“ საკითხის შესწავლა დაიწყო. ვიმედოვნებთ, რომ შრომის ინსპექცია ყოველმხრივ და სრულყოფილად შეისწავლის საკითხს და შემჭიდროებულ ვადებში მიიღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
„ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების ნაწილი 12 ივლისს, 12 საათიდან 24-საათიან გაფიცვას იწყებს. თანამშრომელთა თქმით, გაფიცვის მიზეზი მათი უფლებების, მათ შორის შრომითი და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტებია, აგრეთვე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის შემთხვევები.
დავა „ევოლუშენ ჯორჯიას” დასაქმებულებსა და ადმინისტრაციას შორის რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
2024 წლის 20 მაისს პროფკავშირმა „ლაბორიმ” მიმართა ჯანდაცვის მინისტრს შპს „ევოლუშენ ჯორჯიასთან” კოლექტიური შრომითი დავის მოგვარების მიზნით მედიატორის დანიშვნის თაობაზე. პროფკავშირის თქმით, კოლექტიურ დავაზე მედიატორი დაინიშნა, თუმცა მედიაცია 25 ივნისს უშედეგოდ დასრულდა, რითაც დასაქმებულებს გაფიცვის კანონიერი უფლება წარმოექმნათ.
დასაქმებულების პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც სოციალურ ქსელში მენეჯერების მიმოწერები გავრცელდა, რომელშიც დასაქმებულებისადმი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჩანს.
კომპანიამ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ გავრცელებული მიმოწერა მათთვის „კატეგორიულად მიუღებელია”. მათი თქმით, „დაწყებულია შესაბამისი ქმედებები, რათა გამოკვლეულ იქნას პრობლემის სათავე და მივიღოთ უმკაცრესი ზომები. არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა თანამშრომელი იცავს და პატივს სცემს ჩვენს საერთო ღირებულებებს”.
„ყველაფერს ვაკეთებთ პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული გარემოს უზრუნველსაყოფად, თუმცა 8000-მდე ადამიანისგან შემდგარ გუნდში, სამწუხაროდ, ყოველთვის იქნება გამოწვევები თანამშრომლების გაკონტროლებასა და მიუღებელი ქმედებების დროულად გამოვლენასთან დაკავშირებით.
თანამშრომელთა ნებისმიერ რგოლში დაფიქსირებულ მიუღებელ ქმედებას ვუდგებით მკაცრად, სამართლიანად და ვმოქმედებთ საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად”, – ნათქვამია განცხადებაში.