„მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია“ | სააკაშვილი კრამონს პასუხობს

პუბლიკა

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას.

ფონ კრამონმა დღეს აღნიშნა, რომ „ევროკავშირს არ აქვს არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში“. მანვე აღნიშნა, რომ „ასეთ პოლიტიკურ გარემოში, ბატონი სააკაშვილის განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს“.

„სანამ მედიაციის ახალ რაუნდზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ დაასრულოთ პირველი მედიაცია, საიდანაც ივანიშვილი გავიდა. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას,როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას, თუმცა, ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია“, – წერს სააკაშვილი.


საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-გვერდზე ვიდეო-მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ იყიდა თვითმფრინავის ბილეთი და საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს აპირებს. ამავე პოსტის კომენტარებში სააკაშვილი ბილეთის ფოტოს დებს.