მოვაჭრეები გლდანის ბაზრის გახსნას მოითხოვენ, მათ გაფუჭებული ბოსტნეული ნაგავში გადაყარეს

პუბლიკა

გლდანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ იმედი ჰქონდათ რომ 27 აპრილს ბაზარი გაიხსნებოდა, მაგრამ ბაზრის ტერიტორია ამ დრომდე არ გახსნილა. მათი მთავარი მოთხოვნაა, ბაზარი გაიხსნას და შეძლონ ვაჭრობა, რადგან სხვა შემოსავლის წყარო არ აქვთ.

„ტვ პირველის“ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მოვაჭრეებმა გაფუჭებული ბოსტნეული ნაგავში გადაყარეს.

„ჩვენ ვართ გლდანის ბაზრის მოვაჭრეები. მართალია, ქვეყანაში ეპიდემიაა მოდებული, ჩვენც ვიცით, რა სიტუაციაა, მაგრამ ჩვენ, ეს გაჭირვებული ხალხი დავიცავთ დისტანციას და მოვითხოვთ, რომ გაგვიხსნან ბაზარი, 27 აპრილს გამოცხადდა მინისტრისაგან, რომ გაიხსნას ღია აგრარული ბაზარი. ღია აგრარული ბაზარი არის ჩვენი და მოვედით. მე ვმუშაობ „ოპტავოიზე“. გამოვიტანე 9 ათასი ლარის პროდუქტი, – კიტრი, პომიდორი ვაგზლიდან და ესეც გამიფუჭდა. ნისიაზე გამოვიტანე, გამიფუჭდა, გადავყარე.

დილით გამოვედით. გვინდოდა, გაგვეყიდა ეს პროდუქტი ცოტა მაინც. მოვიდა ინსპექცია, დაგვიშალეს, აიღეთო. მოვიდა პატრული, დავემორჩილეთ, უსიტყვოდ დავემორჩილეთ და ავიღეთ. რა გავაკეთოთ? 2 თვე ვზივართ სახლში. ჩვენ უკან დგანან ბავშვები, მოხუცები. რა გავაკეთოთ? მივიდეთ ნებისმიერ დიდი მაღაზიაში და ვნახავთ, თუ იცავენ დისტანციას, რაღა ამ გლეხებზე და გაუბედურებულ ხალხზე გადადის ყველაფერი“, – უთხრა „ტვ პირველს“ ერთ-ერთმა მოვაჭრემ.