მოვაგროვებთ ხელმოწერებს, რომ უფასო სასკოლო კვება გახდეს განხილვის საგანი - „ხმა“

პუბლიკა

„მოვაგროვებთ 25 000 ხელმოწერას, იმისთვის, რომ ეს საკითხი გახდეს განხილვის საგანი ყველგან, სადაც ეს საჭიროა“, – განაცხადა გიორგი ხასაიამ მოძრაობა „ხმიდან“, რომელთა ორგანიზებითაც დღეს სკოლებში უფასო კვების მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა.

„ეს მარში არის მხოლოდ დასაწყისი, ჩვენი დღევანდელი შეკრება არის დასაწყისი იმისა, რომ ჩვენ წავალთ ყველა ქართულ ქალაქში თქვენი დახმარებით და თქვენთან ერთად. ჩვენ მოვაგროვებთ 25 000 ხელმოწერას. ამისთვის შემოვივლით მთელ ქვეყანას თქვენთან ერთად. იმისთვის, რომ ეს საკითხი დარჩეს დღის წესრიგში, იმისთვის, რომ ეს საკითხი გახდეს განხილვის საგანი ყველგან, სადაც ეს საჭიროა.

ჩვენ ხომ არ ვართ იმდენად ნაივურები გვეგონოს, რომ სექტემბრიდან ყველა ქართულ სკოლაში ერთბაშად დაიწყება უფასო სასკოლო კვება. ჩვენ სექტემბრიდან გვინდა, ეს პროცესი ვნახოთ დაძრული, დაწყებული და შეუქცევადი. ამაში გვჭირდება თქვენი დახმარება ყველგან, სადაც იქნებით. ყველგან, სადაც შეიძლება რომ ამ საქმეს გვერდით დაუდგეთ, დაუდექით გვერდით. მივიყვანოთ ბოლომდე, შევქმნათ ახალი, უკეთესი ცხოვრების ჰორიზონტი“, – მიმართა მსვლელობის ბოლოს გიორგი ხასაიამ მოქალაქეებს.

დღეს „ხმის“ ორგანიზებით, მოქალაქეები მომავალი წლიდან სკოლებში უფასო კვების მოთხოვნით შეიკრიბნენ. „მარში შიმშილის წინააღმდეგ“ პირველ სკოლასთან 15:00 საათზე დაიწყო, შემდეგ კი აქციის მონაწილეებმა მსვლელობით განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლეს.