„მოვალთ ხელისუფლებაში და იქიდან გაგაქრობთ“ | პრორუსული „ალტ-ინფო“ ხულოში ოფისის დახურვაზე

პუბლიკა

ხულოში ძალადობრივი, პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისიდან გაძევების შესახებ ინფორმაციას „ალტ-ინფოს“ ლიდერები ეხმაურებიან. ისინი შუღლის გამღვივებელ, ისლამოფობიურ და მუქარის ენას იყენებენ. იმ ადამიანებს კი, ვინც ხულოში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის დახურვაში მიიღო მონაწილეობა „ისლამისტ რადიკალებად“, „ტერორისტების მხარდამჭერებად“, „თურქეთის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებულ ჯგუფად“ მოიხსენიებენ.

„მაგას ჩვენ ვიღებთ, როგორც ჩვეულებრივ მტრულ ნაბიჯს, ჩვენ ამაზე სტრასბურგში ჩივილს და შეშფოთებების გამოთქმას [არ ვაპირებთ]. ეს მტრული ნაბიჯია და მტრულ ნაბიჯზე შესაბამისად ეგრე ვუპასუხებთ ხოლმე ჩვენც. […] ყველა შემოტევაზე საკადრის პასუხს გავცემთ. აუცილებლად გავხსნით ხულოშიც ოფისს. ხულოში შედარებით მოგვიანებით გავხსნით და ყველა შემოტევაზე, როგორიც იქნება, ისეთ საკადრის პასუხს გავცემთ. ყველაფერს ვიმახსოვრებთ“, – ამბობს შოთა მარტინენკო.

ძალადობრივი პლატფორმის კიდევ ერთი წევრი ირაკლი მარტინენკო ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოვა და იმ მოქალაქეებს, რომლებიც პარტიას „უტევენ“, სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში. და ისეთ რაღაცებს ნუ იკადრებთ ახლა, როცა თქვენი დღეები დათვლილია უკვე და ბოლო გაფართხალება რომ გაქვთ, ცოტა დაფიქრდით, რა მდგომარეობაში ხართ და ისეთ რაღაცებს ნუ იკადრებთ, რომ მერე მართლაც საკადრისი პასუხი გაგეცეთ. ცოტა დაფიქრდით, რა ხდება თქვენ გარშემო, ნუ უჯერებთ გამოშტერებულ ტელევიზიებს, ყველაფერი ტყუილია. ცოტა ჭკვიანად იყავით, ვიცით იქ ახლა წარმოუდგენიათ, რომ ეგრე გადაწყდება ეგ საქმე, რომ დაახურინეს იმას ვითომ და აქ არ გააჭაჭანებენ, ტელევიზიებით იძახიან. რომ იცოდეთ. მალე მანდ ოფისიც გაიხსნება, ვერავინ ვერ დახურავს მერე იქ ოფისს და თუკი იმათ აქვთ ოფისები, ისინი დაიხურება. ამიტომ ძალიან მალე შეიცვლება ეს ვითარება, რომელიც ახლა გაქვთ. ცოტა ჭკუით იყავით“, – ამბობს ირაკლი მარტინენკო.

„ალტ-ინფოს“ კიდევ ერთი წევრი გიორგი ქარდავაც „აფრთხილებს“ ახალგაზრდებს ხულოში, რომ ხელისუფლებაში მოვა და მათ „გააქრობს“.

„მე ამ ადამიანებს ვაფრთხილებ, ჩვენ ოდესღაც ხელისუფლებაში მოვალთ და შესაბამის პასუხს გაგცემთ. ის, ვინც ჯვარს ეხება, ვინც ჩვენს სარწმუნოებას ეხება, მათ შორის, ვიღაც ტერორისტებთან კავშირში მყოფი ადამიანების მიმართ გვექნება უმკაცრესი ზომები მიღებული. თქვენ უბრალოდ აღარ გაგაჭაჭანებთ აჭარაში. თქვენ თურქეთის სპეცსამსახურებთან ერთად იქიდან უბრალოდ გაგაქრობთ. ხულოშიც გავხსნით ჩვენს ოფისებს და მთელ საქართველოში. 70 ოფისზე მეტი გვაქვს ამჟამად და სულ ცოტაღა დარჩა. პრინციპში, ჩვეულებრივ რიტმში ვაგრძელებთ ჩვენი პარტიული ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ნებისმიერ პროვოკაციაზე გვექნება ადეკვატური პასუხი. ჩვენ პოლიციისგან დასაცავი არაფერი არ გვჭირს. პირიქით, ჯობია, პოლიციამ ისინი დაიცვას“, – ამბობს გიორგი ქარდავა.

„ალტ-ინფოს“ წევრი შოთა მარტინენკო მესტიაში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, „მესტიაში ვერავინ ვერაფერს ვერ დაატოვებინებთ“ და მათი ოფისი ახლაც ჩვეულებრივად ფუნქციონირებს.

„მესტიაში ვიღაც ენჯეოშნიკები რომ მივიდნენ, იმათ ადგილობრივმა ხალხმა საკადრისი პასუხი გასცა და მეორედ აღარ მოაფიქრდება იქ არავის იქ მისვლა. ამიტომ სვანეთში დიდი მხარდაჭერა გვაქვს და დაანებეთ, მანდედან ვერავინ ვერ დაგვატოვებინებს, სვანების დიდი ნაწილი ჩვენ გვიჭერს მხარს“, – განაცხადა მარტინენკომ.


„კონსერვატიულ მოძრაობას“ ხულოში ოფისი გახსნის დღესვე დაახურვინეს. როგორც ფართის მეპატრონე დათო სოლომონიძე „პუბლიკასთან“ ამბობს, მას თავდაპირველად არ ჰქონდა ინფორმაცია პარტიის პრორუსული ორიენტაციის შესახებ, თუმცა, როგორც კი შეიტყო, ოფისიდან მათი პლაკატები ჩამოხსნა. ფართის მეპატრონეს პრორუსული პარტიის შესახებ ორგანიზაცია „სოლიდარობის თემმა“ აცნობა.

მესტიაში 1 მარტს კი „კონსერვატიული პარტიის“ ოფისთან ადგილობრივები შეიკრიბნენ და პროტესტის ნიშნად კვერცხები დაუშინეს. მომხდარს დღეს გაგრძელება მოჰყვა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამთო მაშველი ნატა ჯაფარიძე ამბობს, რომ „ალტ-ინფოს“ პარტიის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მათთან დაახლოებულმა ჯგუფმა აქციის მონაწილეებს სცემეს.

ამასთან, როგორც ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მესტია პირველი რეგიონია, სადაც მესაკუთრე მათთვის ფართის მიქირავებაზე უარს ამბობს.

იური რატიანი „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ „კონსერვატიულ მოძრაობასთან“ ქირავნობის ხელშეკრულების გაწყვეტა უნდა. მისი თქმით, პრორუსულ პარტიას სივრცეს არ დაუთმობს.

„ვცდილობ, რამენაირად შევწყვიტოთ ხელშეკრულება. ნელ-ნელა ვალაგებ სიტუაციას. მინდა, რომ ხელშეკრულება მშვიდობიანად შევუწყვიტო… ხელშეკრულება უნდა გამომიგზავნონ; გადავხედო; იურისტებს შევახედო, რა, როგორ და რანაირად“, – ამბობს ის.