მოვამზადებთ კონსტიტუციურ წარდგინებას, ეს პროცესი სასამართლოებში წავა - ბეჟაშვილი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტზე

პუბლიკა

„გუშინ ჩვენ, საზოგადოებამ, მორიგ ჯერზე ვიხილეთ ხელისუფლების მიტაცების ფაქტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ განაცხადა.

მისივე განმარტებით, იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, სადაც „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, ბიუჯეტი, არა ახლად არჩეულ, არამედ „ვადაგასულ“ საკრებულოებს დაამტკიცებინეს, რაც თავისი არსით, არის ძალაუფლების მიტაცება.

„მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი ჯერ კიდევ დამტკიცებული არ არის და სახელმწიფო ბიუჯეტი არის ძირითადი წყარო ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსებისა, ხელისუფლების მოქმედება, რომ ვადაგასულ საკრებულოებს დაემტკიცებინათ ბიუჯეტი, არის სწორედ რომ ხელისუფლების მიტაცების ფაქტი. არგუმენტი, რომ ძველ საკრებულოებს უნარჩუნდებათ უფლებამოსილება ახალი საკრებულოების შეკრებამდე, არის არარელევანტური, ვინაიდან ეს ნორმა მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა საკრებულოს არჩევნების გადავადება ან ბათილად გამოცხადება და რომ არ შექმნილიყო საკანონმდებლო ვაკუმი, ძველ საკრებულოებს ექნებოდათ უფლებამოსილება.

ჩვენ, ბუნებრივია, ამ პროცესს წავიღებთ სასამართლოებში და აუცილებლად ჩვენ ოპოზიციონერ საპარალამენტო კოლეგებთან ერთად მოხდება კონსტიტუციური წარდგინების მომზადება, ვინაიდან ჩვენ ეს პროცესი არ უნდა უგულებელყოთ თუ ქვეყანაში გვინდა სამართლიანობა და კანონიერება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.