დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მოუწოდა დეპუტატებს, რომ მოამზადონ ინიციატივა, რაც პარლამენტს კანონპროექტების ელექტრონულად განიხილვისა და ელექტრონული კენჭისყრით დაამტკიცების შესაძლებლობას მისცემს. მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებია.
„ერთი წლის წინ, როდესაც პარლამენტი და ჩვენ ვმუშაობდით ახალ რეგლამენტზე, მაშინ კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე დავაყენე წინადადება, რომ განგვეხილა ახალ რეგლამენტში ელექტრონული პროცედურის განხილვისა და კენჭისყრის ელექტრონული შესაძლებლობის შემოტანა. დღეს მინდა, ამ საკითხს კვლავ დავუბრუნდე და მოგმართოთ ყველას – ვიფიქროთ და მოვამზადოთ ინიციატივა, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში პარლამენტს მისცემს შესაძლებლობას, კანონპროექტები განიხილოს ელექტრონული პროცედურით და აწარმოოს ელექტრონული კენჭისყრა გადაწყვეტილების მისაღებად“, – განცახადა თალაკვაძემ.
მისი მოსაზრებით, დღეს არსებობს საფუძველი, რის გამოც შესაძლოა, პარლამენტს მსგავსი პლატფორმა დასჭირდეს. თალაკვაძემ მიმართა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებს, იმსჯელონ ამ ინიციატივის შესახებ.