გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მივიდნენ.
ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, ისინი ელოდებიან პასუხს – გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომათა დარბაზში.
„აქ მოვედით იმიტომ, რომ გავარკვიოთ, აპირებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სასამართლოში. თუ არ აპირებენ ასეთ შემთხვევაში შევხვდებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი შეხვედრის გამო არ დავაბრკოლებთ საბადრაგო სამსახურს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადასაყვანად. თუ აპირებენ, ჩვენ აქ არ შევხვდებით და სასამართლოზე ვნახავთ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ილუზია იმის, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს მიხეილს სააკაშვილი გამოჩნდეს საზოგადოების წინაშე, არ გვაქვს“, – ამბობს ბექა ბასილაია.
დღეს, 10 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის აქციის დაშლის ეპიზოდზეა ჩანიშნული.
მიხეილ სააკაშვილი ამ საქმეზე ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).
ასევე, 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია). სასჯელი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.