NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით, ჯეიმს აპატურაი პარლამენტში სიტყვით გამოდის. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურულ სხდომაზე აპატურაი კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლასთან დაკავშირებით წარადგენს მოხსენებას.
სხდომის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და ვიზიტის მიზნებზე ისაუბრა. ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად უსაფრთხოების კუთხით არსებული გარემოსი, NATO-ს პოზიცია არ შეცვლილა და მისი კარი კვლავ ღია რჩება.
„მოველი, რომ, როცა NATO-ს ლიდერები შეხვდებიან მადრიდის სამიტზე, კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ალიანსის კარი ღიაა და ღიაა საქართველოსთვის“, – თქვა აპატურაიმ.
ასევე, ჯეიმს აპატურაის თქმით, მას აქვს კონკრეტული საკითხები და იდეები, რა პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინონ მათ მოკავშირეს კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან საბრძოლველად. ჯეიმს აპატურაის თქმით, რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებამდე და მის შემდეგაც მოაწყო კიბერთავდასხმები, ასე რომ, ამ მიმართულებით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ასევე გვაქვს კონკრეტული იდეები, როგორ დაიცვას თავი საქართველომ კოორდინირებული თავდასხმებისგან, რომელიც მოიცავს ინფორმაციულ, კიბერ თუ ენერგოთავდასხმებს.
რაც შეეხება ენერგოუსაფრთხოებას, მაშინ, როცა ევროპის ქვეყნები წყვეტენ რუსეთისგან ენერგორესურსების მიღებას, საქართველოს როლი ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია განვიხილოთ, როგორ დაიცვას თავი საქართველომ ენერგოუსაფრთხოების კუთხით, ასევე, ჰიბრიდული, კიბერ და ფიზიკური თავდასხმებისგან“, – განაცხადა აპატურაიმ.