მოვიდა დრო გადაწყვეტილებების მიღებისა, რათა დავიცვათ ლგბტ ადამიანები საქართველოში - ევროპარლამენტარი

პუბლიკა

„საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა“ – ამ საკითხზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა, სადაც  ევროპარლამენტარების მხრიდან კრიტიკული განცხადებები გაკეთდა.

ევროპარლამენტში მემარცხენე ჯგუფის წევრმა, მიგელ ურბან კრესპომ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებსა და საქართველოში ლგბტქ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე.

„გასულ წელს 53 ჟურნალისტს სასტიკად დაესხნენ თავს ულტრამემარჯვენე ჯგუფები, ისინი ლგბტქ მარშს აშუქებდნენ. მიმდინარე წელს მათ დააანონსეს, რომ წინააღმდეგობას გაუწევდნენ პრაიდის ნებისმიერი სახის მარშს. საქართველოში ჟურნალისტების დევნა და მათზე თავდასხმა ძალიან სერიოზული პრობლემაა. როდესაც ვსაუბრობთ დევნაზე, ვსაუბრობ როგორც კოლექტიურ დევნაზე, ასევე ლგბტ ადამიანების ინდივიდუალურ დევნაზე.  ევროკავშირის პოზიცია მოტივირებულია, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხით – საქართველოს პოლიტიკური პოზიციით და არა ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებების სერიოზული შელახვით. მოვიდა დრო გადაწყვეტილებების მიღებისა, კოლექტიურად ზომების მიღებისა, რათა დავიცვათ ლგბტ ადამიანები საქართველოში, ისინი იმსახურებენ ჩვენს სოლიდარობასა და პატივისცემას. საქართველოში ამ ინდივიდებსა და სხვებს გეოპოლიტიკურ თამაშში მარიონეტებად არ უნდა იყენებდნენ. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა საჭიროა ადამიანის უფლებების დაცვა“, – განაცხადა მიგელ ურბან კრესპომ