„მოვიდეს თქვენი ვარლამი და გადაგიხადოთ ჯარიმებიო“ - ადვოკატი დაკავებულებთან მოპყრობაზე

პუბლიკა

სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 8 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ადვოკატი დალი სალუქვაძე ამბობს, რომ იმ 3 დაკავებულს, რომელთა ინტერესებსაც თავად იცავს, სამართალდამცველები არაადამიანურად ეპყრობიან.

„სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალიან არაადამიანურ, დამამცირებელ და ირონიულ მოპყრობას, რომ თითქოს „აი, მოვიდეს ახლა მათი ვარლამი“, ვისაც მხარს უჭერენ, გადაუხადოს ჯარიმები, მიეხმაროს, ვინ უშველის ახლა, ვინ გადაუხდის ჯარიმას… მაინც აშენდება, რას იკლავთ თავსო. ხომ არ გგონიათ, თქვენი ეს შეკრება, აქ დგომა და პროტესტი რამე შედეგს გამოიღებსო. 3 ადამიანს ვიცავ და სამივეს დაზიანებები აქვს“, – ამბობს დალი სალუქვაძე.

მისივე თქმით, თავისი დაცვის ქვეშ მყოფებს სამართალდამცველებმა შესთავაზეს, რომ ეღიარებინათ „ვითომ იგინებოდითო, ვითომ წინააღმდეგობას გვიწევდითო, ვითომ შეურაცხყოფას გვაყენებდითო“.

კიდევ ერთი ადვოკატი, ნორა მურღულია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები უარყოფენ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და შეურაცხყოფის ფაქტებს.

„კადრშიც მაყურებელი ხედავს, რომ მათი მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა. შესაბამისად, არც ფიზიკური დაპირისპირება ყოფილა, და ამიტომ ეს სამართალდაღვევის ოქმები, რომლებიც შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექისის 173-ე და 166-ე მუხლებით, ვთვლით, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფთა მხირდან აღნიშნულ ქმედბებს ადგილი არ ჰქონია“, – აცხადებს მურღულია.

დაკავებულთაგან 4 პირს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. ორგანიზაციის იურისტი, დარინე სალდაძე აცხადებს, რომ თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე არ საუბრობენ.

„ადგილზე იმყოფება ასევე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელიც,  რომელიც კიდევ თავის მხრივ გაესაუბრება და გამოძიებაც შეიძლება დაიწყოს მსგავს ფაქტებზე. რასაც ედავებიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებას – ისინი არ ადასტურებენ ამ ფაქტებს“, – აცხადებს საიას წარმომადგენელი.