მოვითხოვ ხელისუფლებისგან, რომ გამოიჩინოს ისეთივე ოპერატიულობა, როგორიც გამოიჩინა ამავე ჟურნალისტის მიერ პუტინის შეურაცხყოფისას - შამუგია

პუბლიკა

მწერალი და საქართველოს პენცენტრის პრეზიდენტი პაატა შამუგია გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეს ეხმაურება და განცხადებას აქვეყნებს. ის სოლიდარობას უცხადებს გიორგი გაბუნიას და ხელისუფლებას მოუწოდებს გამოიჩინოს ოპერატიულობა საქმის გამოძიებისას.

“მე, როგორც საქართველოს პენცენტრის პრეზიდენტი, სოლიდარობას ვუცხადებ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას. მიმაჩნია, რომ მისი გამოხატვის ფორმები ჯდება კონსტიტუციით დაცულ ჩარჩოში (რაც უნდა გამაღიზიანებლად მიაჩნდეს ადამიანთა, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენელთა, გარკვეულ ჯგუფს).

მოვითხოვ ხელისუფლებისგან, რომ გამოიჩინოს ისეთივე ოპერატიულობა, როგორიც გამოიჩინა ამავე ჟურნალისტის მიერ პუტინის შეურაცხყოფისას. ისიც უნდა ითქვას, რომ საშიშროება სულაც არაა გაზვიადებული – კრემლის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში არასასურველი ადამიანების (მათ შორის, ჟურნალისტების) სავარაუდო მკვლელობები ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს მის ასაცილებლად.

აქვე, მე, როგორც მწერალი, ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე და აფხაზეთიდან რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დევნილი, სრულად ვიზიარებ გიორგი გაბუნიას სიტყვებს რუსეთის პრეზიდენტისადმი. მოკრძალებულად აღვნიშნავ, რომ უფრო რადიკალურადაც შეიძლებოდა.” – ნათქვამია პენცენტრის პრეზიდენტის განცხადებაში.

15 ივნისს მედიაში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიმართ განზრახული შეკვეთილი მკვლელობის სავარაუდო მონაწილის დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობა სავარაუდოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა, დაუკვეთა.

კადიროვი გიორგი გაბუნიას საჯაროდ დაემუქრა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა თითქმის ერთი წლის წინ საავტორო გადაცემის პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის მიმართ არაეთიკური გამონათქვამები გამოიყენა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დააკავა პირი, რომლის წინააღმდეგაც დაწყებულია გამოძიება ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

“ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა.” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.