„მოვითხოვთ, 1 სექტემბრამდე წამალი მიეწოდოს აქონდროპლაზიის მქონე ყველა ბავშვს“ - მშობლები აქციაზე

პუბლიკა

„წამალი ბავშვებს“ – პარლამენტთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია იმართება. აქცია  მთავრობის კანცელარიასთან დაიწყო, სადაც მშობლები უკვე 11 დღეა ღამეს ათევენ და აქონდროპლაზიის მედიკამენტის შემოტანას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა კანცელარიიდან მსვლელობით პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა. მშობლები სიტყვით გამოვიდნენ და აქციაზე შეკრებილ მოქალქეებს მიმართეს.

„მადლობა თქვენ, ჩემი საყვარელო ხალხო, ამ მხარდაჭერისთვის. ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა – იმის გამო რომ 16 თვე გვატყუეს, პრემიერის სახელზე დავწერეთ ერთადერთი წერილი, რომ გვინდა სამართლებრივი გარანტია.  ვინაიდან ექიმები მაისის ბოლოს დადებენ პროტოკოლს და იარსებებს ქართული გაიდლაინ/პროტოკოლი, ჩვენ მოვითხოვთ არა უგვიანეს 1 სექტემბრისა მედიკამენტი მიეწოდოს საქართველოში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, განურჩელად ასაკისა, “- თქვა ერთ-ერთმა მშობელმა აქციაზე.

დღეს აქციის დაწყებამდე ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ სამინისტრო მზად არის დაჩქარებულ ვადებში, უზრუნველყოს აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა.