მოვითხოვთ, დეზერტირების ბაზარი გახდეს მუნიციპალური - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება „დეზერტირების ბაზრის“ შესაძლო დახურვის საკითხს და სახელმწიფოს მოუწოდებს ისტორიული ბაზრის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას, ბაზრის მშრომელებთან ჯეროვანი კომუნიკაციის წარმართვასა და გრძელვადიანად ამ ტერიტორიის გამოსყიდვასა და მის მუნიციპალურ ბაზრად ქცევას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში აღნიშნავენ, რომ მშრომელების განმარტებით, მათ ბაზრის ადმინისტრაციისგან მიიღეს სხვადასხვა განმარტება ამ ტერიტორიაზე კომპანიის მომავალ გეგმებთან დაკავშირებით.

მათი ცნობით, თავდაპირველად ითქვა, რომ ამ ადგილას იგეგმებოდა ბაზრის სარემონტო სამუშაოები და მათ მხოლოდ დროებით უნდა დაეტოვებინათ სამუშაო ადგილი.

„თუმცა, მოგვიანებით ბაზრის ადმინისტრაცია საუბრობდა ამ ტერიტორიაზე დიდი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის იდეაზეც. ამასთან, ბაზარში დასაქმებული ადამიანებისთვის თბილისის მერიის შემოთავაზება, რომ მათ მუშაობა ნავთლუღისა და დიღმის ბაზრებში შეუძლიათ გააგრძელონ, მისაღები არ არის.

მათი თქმით, დიღმის ბაზარი ნაკლებად ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის და იქ არც სათანადო ინფრასტრუქტურაა შექმნილი ბაზრისთვის, ნავთლუღის ისტორიული ბაზარი კი ისედაც დიდი ბაზარია და ამ ტერიტორიაზე ბაზრის მასშტაბურ გაფართოებას მათთვის ეკონომიკური სარგებლიანობა არ ექნება”.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბაზრის თანამშრომლებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო დღეებში მათთან მივიდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ მერია მიმდინარე წლის ბოლომდე გადადებს ბაზრის დახურვის გადაწყვეტილებას – თუმცა ამ დრომდე არ მიუღიათ ოფიციალური პასუხი.

ორგანიზაციის ცნობით, სწორედ ამიტომ მშრომელებს სახელმწიფოსთან დღეს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:

  • თბილისის მერიისგან მიიღონ ოფიციალური განმარტება, რომ ბაზრის დახურვა არ მოხდება მიმდინარე წელს;
  • სახელმწიფომ მოახდინოს ისტორიული ბაზრის ტერიტორიის გამოსყიდვა და მისი მუნიციპალურ ბაზრად ქცევა, რომელიც მათ სამართლებრივ და სოციალურ უსაფრთხოებას მოუტანს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ როგორც მშრომელებმა უთხრეს, ისინი ბაზრის სივრცეებს მოკლევადიანი იჯარით იღებენ და ყოველთვიურ ან ყოველდღიურ მოსაკრებელს იხდიან ამისთვის.

„დახლზე მოვაჭრეებს პრაქტიკულად არ აქვთ იჯარის ხელშეკრულებები გაფორმებული, მაღაზიების წვრილი ვაჭრები კი მხოლოდ 1 ან 3 თვიან იჯარის ხელშეკრულებებს დებენ. მშრომელების თქმით, იჯარის ოდენობა საკმაოდ მაღალია და დახლების ყოველდღიური იჯარა დაახლოებით 36 ლარი ჯდება, მაღაზიების კი თვეში 350 ლარი.

მათი თქმით, ყველას სხვადასხვა პირობით აქვს იჯარა და საერთო ფასები დადგენილი არ არის. სწორედ ამ ურთიერთობების სამართლებრივი დაუცველობა მშრომელებს არ აძლევს შესაძლებლობას სათანადოდ დაიცვან საკუთარი ინტერესები და ჰქონდეთ მყარი მოლოდინები მათ მომავალთან დაკავშირებით”.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ბაზრის მესაკუთრე 2023 წლის 16 ნოემბრიდან არის შპს „გალერეა არენა“. მათი ინფორმაციით, კომპანიის მხრიდან, მიწის შეძენა მოხდა შპს „თბილისი მოლისგან“, რომლის ერთ-ერთი მეწილეც არის ხვიჩა მაქაცარია. შპს „თბილისი მოლში“, წილს ფლობენ რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქე და ჰოლდექს ინტერსეილსი, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული.

„ხვიჩა მაქაცარია არის CBS ჰოლდინგის დამფუძნებელი და არის არა ერთი მსხვილი ბიზნესის მეწილე, მათ შორის, თელასში, თბილისი ენერჯიში, სელფი მობაილში (ბილაინი), საქართველოს ეროვნულ ლატარიაში, თბილისის მიკროავტობუსების ქსელებში.

„გალერეა არენას“ დამფუძნებელი არის კობა ღურწკაია, რომელიც რუსეთ-საქართველოს მოქალაქეა და რეესტრის მონაცემებით არის CBS ჰოლდინგის დირექტორიც. ამ ჰოლდინგის 100 % წილის მფლობელი 2021 წლიდან მარია კოხიაა, ისიც რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა და ხვიჩა მაქაცარიას ცოლია.

კობა ღურწკაიას კომპანია „გალერეა არენა“ 2023 წლის 16 ოქტომბერს დაფუძნდა. 2023 წლის 10 ოქტომბერს ამ ტერიტორიაზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს გაცემული აქვს მშენებლობის ნებართვა მე-4 კლასის შენობაზე. 2024 წლის აპრილში მშენებლობის გეგმა და გრაფიკი შეიცვალა, კერძოდ მშენებლობის ვადები 2024 წლის 27 მაისიდან 2027 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით განისაზღვრა. Ამ პერიოდში კომპანიამ ბაზრის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი უნდა ააშენოს.

კობა ღურწკაიას „ქართული ოცნებისთვის“ აქვს გაკეთებული არა ერთი შემოწირულობა, ჯამურად 180 ათასი ლარის ოდენობით. უშუალოდ ხვიჩა მაქაცარიამ კი ღიად დაუჭირა მხარი ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ რუსული კანონის მიღებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ უკვე მიმართეს თბილისის მერიას ოფიციალური წერილით და მოითხოვეს ინფორმაციის მიღება მშენებლობის ნებართვისა და მიმდინარე პროცედურების შესახებ, ასევე ბაზრის დახურვის საკითხზე ოფიციალური გადაწყვეტილების შინაარსის შესახებ.

მათივე განცხადებით, უერთდებიან ბაზრის თანამშრომლების მთავარ მოთხოვნას და მოუწოდებენ თბილისის მერიას, შექმნას ამ ტერიტორიაზე მუნიციპალური ბაზრის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.