მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას კალაძის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით - ენმ-მ პროკურატურას მიმართა

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს თბილისში, „სადგურის მოედანზე“, თევდორე მღვდლის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევის საქმეზე, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ლაშა ფარულავას განცხადებით, მოითხოვენ დაიწყოს გამოძიება „კახი კალაძის და თბილისის მერიის დანაშაულებრივ ქმედებებთან“ დაკავშირებით.

„ეს არ არის უბრალოდ ტრაგედია, ეს არის მკვლელობა, რომელსაც წინ უძღოდა დანაშაულებრივი უმოქმედობა თბილისის მერიის და კახი კალაძის მხრიდან. მათ თვითონვე განაცხადეს, რომ იყო ავარიული კორპუსი. მოსახლეობა არავინ გააფრთხილა, არავინ შემოსაზღვრა ავარიული კორპუსი, არავინ არაფერი არ გააკეთა, ეს არის შედეგი კორუფციული მმართველობის, რომელსაც შეეწირა ორი ადამიანის სიცოცხლე. ეს არის სერიული, სისტემური დანაშაული, გულგრილობა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.

ჩვენ მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას, კახი კალაძის და თბილისის მერიის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ვინაიდან სახეზეა გულგრილობა და დაუდევრობა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ორი ადამიანი გარდაიცვალა. ეს არის მძიმე ტრაგედია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ ვხედავთ ტრაგედიებს დედაქალაქში, რომელიც უკავშირდება კალაძის კორუფციულ მმართველობას“, – თქვა ლაშა ფარულავამ.


14 ივლისს, საღამოს, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცოვრებელი სახლის ფასადის ნაწილი ჩამოიშალა, დაიღუპა ორი ადამიანი, დაშავდა ერთი. თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ კორპუსი ავარიული იყო და ამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა ინფორმირებული იყო. კალაძე ამბობს, რომ მოსახლეობას შესთავაზეს ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობა, თუმცა 100%-იან თანხმობას ვერ მიაღწიეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.