მოვითხოვთ გაუპატიურების დეფინიციის შეცვლას | ღია წერილი პარლამენტს

პუბლიკა

„ქალთა მოძრაობა“ ღია წერილს ავრცელებს და პარლამენტს მიმართავს გაუმატიურების დეფინიციის შეცვლის შესახებ.

ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქართველოში, თუმცა, სექსუალური ძალადობა ხშირად დაუსჯელი რჩება და მსხვერპლებს შეზღუდული აქვთ მათლმსაჯულებაზე წვდომა.

ერთ-ერთი მიზეზი სექსუალური ძალადობის შესახებ არსებული პრობლემური კანონმდებლობა და პრაქტიკაა, რომელიც არ მოდის თანხვედრაში საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სტანდარტებთან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სქესობრივი დანაშაულების დეფინიციები შეზღუდულია, პრაქტიკაში კი დამკვიდრებულია მეტისმეტად ხისტი, მოუქნელი და საბჭოური მტკიცებულებითი სტანდარტები სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებით. შედეგად, სექსუალური ძალადობის უფრო ისეთი ფაქტების გამო ისჯებიან დამნაშავეები, სადაც მსხვერპლის სხეულზე ფიზიკური დაზიანებები და სქესობრივი აქტის დამადასტურებელი ბიოლოგიური მასალა არსებობს.

სტამბოლის კონვენცია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი განამტკიცებს, რომ გაუპატიურება არის მსხვერპლის სხეულში მისი თანხმობის გარეშე განხორციელებული სექსუალური ხასიათის შეღწევა. თანხმობის არარსებობა უნდა დამტკიცდეს კონტექსტის შეფასებით და ყველა გარემოების გათვალისწინებით. CEDAW-ს კომიტეტის თანახმად, უნდა გადაისინჯოს მტკიცებულებების შესახებ არსებული სტანდარტები ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებთან მიმართებით, რათა მტკიცებულებითი მოთხოვნები არ იყოს „ზედმეტად მოუქნელი, შემზღუდველი ან გენდერული სტერეოტიპებით ნაკარნახევი.’’

საქართველოს კანონმდებლობა გაუპატიურებას კვლავ ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობით ჩადენილ დანაშაულად განსაზღვრავს და არა თანხმობის არარსებობის ელემენტით. სხვა სქესობრივი დანაშაულები კი ურთიერთიერთადამფარავი და ბუნდოვანია, რაც, არსებულ ხისტ მტკიცებულებით სტანდარტებთან ერთად, პრაქტიკაში ხშირად იწვევს:

1) ფიზიკური დაზიანებებისა და დამნაშავის ბიოლოგიური მასალის არარსებობის შემთხვევაში გაუპატიურების შემთხვევების დაუსჯელობას;

2) გაუპატიურების დაკვალიფიცირებას უფრო მსუბუქი მუხლით (მ. 139) და დამნაშვისთვის მთელი რიგი შეღავათების გავრცელებას.

ქალთა მოძრაობა მოვითხოვთ დასრულდეს სქესობრივი დანაშულების დაუსჯელობა და მივმართავთ საქართველოს პარლამენტს:

– შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია (სსკ-ის 137-ე მუხლი) და, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად, გაუპატიურებად განისაზღვროს მსხვერპლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა მისი თანხმობის გარეშე.
– თანხმობა უნდა განისაზღვრებოდეს, როგორც თავისუფალი, ნებაყოფლობითი და ნამდვილი და მისი არარსებობის დასადასტურება უნდა მოხდეს კონტექსტის გამოკვლევით და გარემომცველი გარემოებების გათვალისწინებით, “- ნათქვამია ღი წერილში.

დღეს, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორიოს დღე აღინიშნება.