მოვითხოვთ, ლაგოდეხში პოლიციელების სავარაუდო დანაშაულის დროულ გამოძიებას - „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

პუბლიკა

ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ლაგოდეხის პოლიციის უფროსისა და სხვა პოლიციელების სავარაუდო დანაშაულის დროულ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საკითხი 1 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ტარიელ შეითნიშვილს ეხება. მათი თქმით, შეითნიშვილის დაკავებისას პოლიციელებმა გამოიყენეს ფიზიკური ძალა, რის შედეგადაც ტარიელ შეითნიშვილს ჯანმრთელობის სერიოზული ზიანი მიადგა.

„როგორც შეითნიშვილი იხსენებს, 1 დეკემბერს ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში ,,გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის გვერდით იდგა მერსედესის მარკის ავტომანქანით. მანქანაში ჰყავდა, ასევე, თავისი ძაღლი.

პატრულირებისას მანქანა შენიშნეს ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებსაც შეითნიშვილი იცნობს და ასახელებს სახელებით და გვარებით.

მათ შორის იყო შს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი კლიმიაშვილი“, – წერია განცხადებაში.

მათი თქმით,  შეითნიშვილის ჩვენებით, პოლიციელებმა მოსთხოვეს მანქანიდან გადმოსვლა და პირადობის მოწმობის წარდგენა. საპასუხოდ მან მანქანიდან გადმოსვლამდე დაიწყო მანქანის მინების აწევა, რათა ძაღლი არ გადმომხტარიყო ფანჯრიდან.

„პოლიციელებს, სავარაუდოდ, არ მოეწონათ, რომ მაშინვე არ გადმოვიდა მანქანიდან და ისე, რომ არც უცდიათ სიტუაციის გარკვევა, ძალით გამოუხსნეს მანქანის კარი, გადმოათრიეს მანქანიდან და ათრიეს ასფალტზე. ერთ-ერთმა პოლიციელმა ყელში ხელი წაუჭირა. ცემდნენ თავის არეში. ბოლო გადაიყვანეს პოლიციაში და გზად ასევე ცემდნენ“,-აღნიშნულია გავრცელებულ განხცადებაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თქმით,  ტარიელ შეითნიშვილი მათთან აცხადებს, რომ პოლიციაში მისვლისას იგი დიდი ხნით გააშიშვლეს, თითქოსდა ჩხრეკის მიზნით, რის გამოც მის ჯანმრთელობას მიადგა სერიოზული ზიანი და დასჭირდა სამედიცინო დახმარება.

პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაუდასტურეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ   ტარიელ შეითნიშვილი დაზარალებულად ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოითხოვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს პოლიციის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი.