პროკურატურასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილი ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ. ისინი აცხადებენ, რომ პოლიტიკოსს ოჯახის წევრებთან, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაცია და ურთიერთობა ყოველგვარი დასაბუთების და საფუძვლის გარეშე აქვს აკრძალული.
პროკურატურასთან შეკრებილებმა ამ შეზღუდვის გაუქმება მოითხოვეს:
„საქართველოს კონსტიტუცია, სასჯელაღსრულების კოდექსი, ბავშვზე ზრუნვის კოდექსი, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უზრუნველყოფს ოჯახური ცხოვრების, მშობლისა და შვილის კავშირსა და შეხვედრების უფლებას. ხოლო ნებისმიერი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კონკრეტული ინდივიდუალური დასაბუთებული საფუძვლით, რაც არ არსებობს ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში. გაუგებარია, რას ეფუძნება ან რას ისახავს მიზნად ბავშვებთან კომუნიკაციის ან შეხვედრის აკრძალვა, გარდა იმისა, რომ ეს შეზღუდვა არის გამოყენებული მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ იარაღად, პოლიტიკურ ტერორად პოლიტპატიმრის წინააღმდეგ.
მოვითხოვთ, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ლევან ხაბეიშვილის არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაცია, მათ შორის სატელეფონო ზარები, ვიდეოკომუნიკაცია, წერილობითი მიმოწერა და ჩაინიშნოს და განხორციელდეს ყველა ის მოკლე და გრძელვადიანი პაემანი, რითაც პატიმრები ზოგადად სარგებლობენ.
ლევან ხაბეიშვილის მაგალითზე აღნიშნული უფლება უნდა მიეცეს ყველა პოლიტიკურ პატიმარს. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ აღნიშნული საკითხი უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ოჯახური ცხოვრების უფლებასა და კანონმდებლობით გარანტირებულ მინიმალურ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ, მოვითხოვთ სწრაფ რეაგირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ ბავშვთა უფლებების დამცველ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.
15 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე“, პატიმრობაში მყოფ ლევან ხაბეიშვილს 2 თვით პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება შეუზღუდა. „ფორმულას“ თანახმად, სუს-ის აცხადებს, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ „სატელეფონო კომუნიკაციის, პაემანზე შეხვედრის ან მიმოწერის გზით პენიტენციური დაწესებულებიდან იგი შეეცდება საქმეში გამავალ პირებთან, მოწმეებთან დაკავშირებას და ზემოქმედების მოხდენას“.
14 ნოემბერს ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკოსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაწესებული შეზღუდვები კიდევ 2 თვით გაუგრძელა.
ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სუს-მა 11 სექტემბერს, „ფორმულას“ ეზოში დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავიდან განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ქრთამის მიცემას უკანონო ქმედების ჩასადენად და ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 13 სექტემბერს ხაბეიშვილს ბრალი კიდევ ერთი – სსკ-ის 317-ე – სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების მუხლით წარედგინა.