მოვითხოვთ, მთავრობამ უკან გაიწვიოს აღნიშნული კანონი - ანთროპოლოგების განცხადება

პუბლიკა

„ეს კანონი საფრთხეს უქმნის სამეცნიერო საქმიანობასაც, რომელიც განვითარებად ქვეყანაში, იმთავითვე, არის პრეკარიატული და დაბალანაზღაურებადი სფერო. ამის ფონზე, საერთაშორისო კავშირები და ფონდების დახმარება ხშირად ერთადერთი ალტერნატივაა, რომელიც ქმნის მეცნიერების წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას“ – ნათქვამია საქართველოში მომუშავე ანთროპოლოგებისა და ეთნოლოგების განცხადებაში, რომლითაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, უკან გაიწვიოს კანონი.

განცხადების ავტორები ასევე მიმართავენ საქართველოს სამეცნიერო დაწესებულების ხელმძღვანელებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს, შეუერთდნენ „ამ პროფესიული სოლიდარობის აქტს, რათა ერთად დავძლიოთ არსებული პოლარიზება“.

გთავაზობთ ანთროპოლოგებისა და ეთნოლოგების განცხადებას სრულად:

საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა თუ ინსტიტუტში დასაქმებული ანთროპოლოგები შეშფოთებულები და დამწუხრებულები ვართ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით. როგორც სოციალური და კულტურული პროცესების მკვლევრები, ჩვენ სიღრმისეულად ვაცნობიერებთ, რომ ქვეყანაში წარმოქმნილი პოლიტიკური მღელვარება უდიდეს დაღს ასვამს როგორც საგარეო, ისე ქვეყნის შიგნით არსებულ საზოგადოებრივ კავშირებს, ნდობასა და თანაცხოვრების შესაძლებლობებს.

ანთროპოლოგიის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, ცოდნას, რომელსაც დარგის მკვლევრები ქმნიდნენ, საფუძვლად ედო საერთაშორისო თანამშრომლობისა და პროფესიული მხარდაჭერის პრინციპი, რაც პროგრესული ინტელექტუალური გარემოს შექმნას ემსახურებოდა.

ანთროპოლოგიაში დამკვიდრებული შეხედულებაა, რომ ასეთი ცოდნა ქმნის სუვერენობისა და ავტონომიურობის საფუძველს ნებისმიერი საზოგადოებისთვის. ამიტომ ისტორიულად ამ პრინციპისთვის არაერთხელ შეუყენებია წყალი ავტორიტარულ, ტოტალიტარულ თუ იმპერიულ რეჟიმებს. ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი.

ანთროპოლოგიას, რომელსაც მეოცე საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ეთნოგრაფიისა და ეთნოლოგიის სახელით ვხვდებითსაკმაოდ ხანგრძლივი და შთამბეჭდავი ისტორია აქვს. მიუხედავად ამისა, საბჭოთა იმპერიის ფარგლებში, დარგის განვითარება მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

მაგალითად, ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებელ გიორგი ჩიტაიას, რომელსაც თავად განათლება გერმანიაში ჰქონდა მიღებული, სურდა დარგის ცალკე მიმართულებად განვითარება და მისი ეთნოლოგიის სახელით დამკვიდრება. თუმცა, იმპერიული ცენტრიდან მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა და ეთნოლოგია მხოლოდ ისტორიის ნაწილად იქცა, რომლითაც ის დამხმარე დარგად გამოცხადდა ეთნოგრაფიის სახელით.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, გაჩნდა უამრავი შესაძლებლობა ამ დარგით დაინტერესებულებისთვის. თუმცა, ჩამოშლილი საგანმანათლებლო სისტემის, მწირი დაფინანსებისა და მატერიალური რესურსების პირობებში, ბევრმა ადამიანმა კვლევითი საქმიანობა, ცოდნისა თუ გამოცდილების მიღება საერთაშორისო ფონდების დახმარებით შეძლო.

დღეს საქართველოს სხვადასხვა სასწავლო თუ კვლევით ინსტიტუტში უამრავი ანთროპოლოგი თუ ეთნოლოგი ვიყრით თავს. ჩვენ, საქართველოს ანთროპოლოგებს, გვაერთიანებს როგორც დარგის განვითარების საერთო ხედვა, ასევე ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სამეცნიერო ტრაექტორიის შენარჩუნების სურვილი.

ჩვენ მიერ მიღებული საერთაშორისო თუ ადგილობრივი გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ჩვენი დარგის და ზოგადად მეცნიერების განვითარების უალტერნატივო გზა ცოდნის პროგრესულ საერთაშორისო სამეცნიერო წრეებთან ინტეგრაცია, ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობაა. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ანთროპოლოგიამ შეასრულოს დარგის მიერ ნაკისრი მისია, წინ წამოწიოს ხმაწართმეული და ჩაგრული ადამიანების ისტორიები და გააღვივოს მათ მიმართ სოლიდარობა.

მაგრამ ის პროცესი, რომლის ნაწილიც ჩვენ ახლა ვართ, მოასწავებს  ასეთი ცოდნის შექმნისათვის უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობის გაქრობას, საზოგადოების სხვა ნაწილებთან ერთად, პროფესიული ავტონომიურობის რღვევას და აკადემიური სივრცის ეროზიას.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით იქმნება საშიშროება არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, არამედ მთელი რიგი საქმიანობებისთვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სუვერენობის საფუძველია. ეს კანონი საფრთხეს უქმნის სამეცნიერო საქმიანობასაც, რომელიც განვითარებად ქვეყანაში, იმთავითვე, არის პრეკარიატული და დაბალანაზღაურებადი სფერო. ამის ფონზე, საერთაშორისო კავშირები და ფონდების დახმარება ხშირად ერთადერთი ალტერნატივაა, რომელიც ქმნის მეცნიერების წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას.

ანთროპოლოგებს გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ ევროინტეგრაციისთვის ბრძოლა არ არის სწრაფვა უბრალოდ  მითიური იდეალისკენ, არამედ ესაა მისწრაფება ისეთი სივრცის შექმნისთვის, სადაც კონკრეტული საჭიროებებისა და უფლებებისთვის ბრძოლა სხვებთან ერთად არის შესაძლებელი. ბრძოლის ეს ველი და ის ინსტრუმენტები, რომელსაც ევროპული ტრაექტორია იძლევა, არის ავტონომიურობისა და სუვერენობის საფუძველი და არა კანონები, რომელიც ადამიანებისა და საქმიანობების ინსტიტუციურ თუ პიროვნულ სტიგმატიზებას ემსახურება

ამ პროფესიულ პერსპექტივაზე დაფუძნებული ცოდნითა და რწმენით, ჩვენ მოვითხოვთ მთავრობამ უკან გაიწვიოს აღნიშნული კანონი. ჩვენ ასევე მივმართავთ საქართველოს სამეცნიერო დაწესებულების ხელმძღვანელებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს, შემოუერთდნენ ამ პროფესიული სოლიდარობის აქტს, რათა ერთად დავძლიოთ არსებული პოლარიზება.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • თეა ქამუშაძე, თსუ, მოწვეული ლექტორი; ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; ჯიპა, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის ასისტენტ პროფესორი;
  • თამთა ხალვაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანთროპოლოგიის პროფესორი; სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
  • ნუცა ბათიაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტი, ანთროპოლოგიის პროფესორი.
  • ფლორიან მულფრიდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანთროპოლოგიის პროფესორი;
  • ნინო აბაკელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ემერიტუს პროფესორი.
  • ქეთევან გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანთროპოლოგიის პროფესორი; ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.
  • თინათინ ღუდუშაური, საქართველოს უნივერსიტეტი, ანთროპოლოგიის პროფესორი;
  • რუსლან ბარამიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიის და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
  • ნუგზარ მგელაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • მარიამ დარჩიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტ პროფესორი სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში;
  • ელენე გავაშელიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტ პროფესორი სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში;
  • ესმა ბერიკიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტი;
  • ქეთევან ლაფაჩი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტი;
  • გიორგი ჭეიშვილი, ანთროპოლოგიის დოქტორი. თსუ მოწვეული ლექტორი.
  • მარიამ ურდია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტი;
  • მარიამ შალვაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტი;
  • თამთა თათარაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტი;
  • ლიკა ჯალაღანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტი;
  • ნანა კობიძე, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, სოციოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის დოქტორანტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანთროპოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი;
  • ლინა ღვინიანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტი;
  • დათო ლაღიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტი;
  • თინათინ ხომერიკი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
  • ილა სიხარულიძე, ლუვენის უნივერსიტეტი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მაგისტრანტი;
  • გიორგი ვახტანგაშვილი, თსუ, ანთროპოლოგიის დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქივარიუსი;
  • თინათინ სოზიაშვილი, თსუ, კულტურის კვლევების დოქტორანტი;
  • ელისო ჭელიძე, თსუ, ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
  • თამარ ბაბუაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტი;
  • მანანა წერეთელი, საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;
  • ლავრენტი ჯანიაშვილი, (ეთნოლოგი), თსუ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი;
  • ზვიად მირცხულავა, ათროპოლოგიის დოქტორანტი, თსუ მოწვეული ლექტორი;
  • ნინო სიფრაშვილი, კულტურის კვლევები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი;
  • ანა მგელაძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ლექტორი, პროფესორი.