მოვითხოვთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას - რიში, შაჰინი, კინზინგერი და კონოლი

პუბლიკა

ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა საქართველოს შესახებ ორი განცხადება გამოაქვეყნეს.

განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს სენატორი ჯიმ რიში, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯინ შაჰინი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი, ნათქვამია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად ძალის გამოყენება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს.

რიში, შაჰინი, კინზინგერი და კონოლი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ გაათავისუფლოს ნიკა მელია და გიორგი რურუა.

„საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, შეჭრილიყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისში და დაეკავებინა მისი ლიდერი ნიკა მელია ათობით აქტივისტთან ერთად, ღრმად შემაშფოთებელია.

სამართლდამცავი სისტემისა და სასამართლოს არასათანადო გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატიული და ევროატლანტიკური კურსისგან. ჩვენ მოვითხოვთ პოლიტპატიმრების დაუყონებლივ გათავისუფლებას, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას ჩათვლით.

ყველა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში უნდა შეაჩეროს პროვოკაციული მოქმედება და კრიზისის მშვიდობიანად გადასაჭრელად დაიწყონ მოლაპარაკება“, – ნათქვამია რიშის, შაჰინის, კინზინგერისა და კონოლის განცხადებაში.

კიდევ ერთ განცხადებაში, რომელსაც კინზინგერსა და კონოლისთან ერთად წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიკსი და კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი მაიკლ მაკკოლი აწერენ, კონგრესმენები ამბობენ, რომ მათთვის რთული სანახავი იყო გუშინ თბილისში განვითარებული მოვლენები და მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, დაიწყოს საუბარი ოპოზიციურ ძალებთან.

„როგორც საქართველოს მეგობრებისთვის, რომლებიც დიდი ხანია, მხარს უჭერენ მის მისწრაფებას დემოკრატიისკენ, თბილისში განვითარებული მოვლენები დამთრგუნველი სანახავი იყო.

ქართველი ხალხი წლების განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, აშენებულიყო ძლიერი და უფრო მყარი დემოკრატია, გადაჭარბებული ძალის გამოყენება და არადემოკრატიული მოქმედებები კი საფრთხეს უქმნის მას.

პოლიტიკური უთანხმოების მშვიდობიანად მოგვარების ინტერესით, მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს სიტუაციის დეესკალაციისკენ. მოვუწოდებთ, იმუშაონ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა საქართველო ჯანსაღი დემოკრატიისკენ სვლას დაუბრუნდეს.

ვშიშობთ, ოპოზიციურ ძალებთან მუშაობის უუნარობა ხელს შეუშლის იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ევროკავშირსა და NATO-თან უფრო მჭიდრო ურთიერთობის მიმართულებით მიაღწია“, – ნათქვამია 4 კოგნრესმენის განცხადებაში.