მოვითხოვთ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლებას - ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნები

პუბლიკა

ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნები ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ, მოუწოდებენ რუსეთს უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

ერთობლივი განცხადება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ის სახელით გაკეთდა.

„შეშფოთებული ვართ რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციებით, ოკუპაციის არეალის გაფართოების მცდელობით, „საგუშაგოების“ მშენებლობით სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით სოფელ ატოცსა და გუგუთიანთკარში და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გრძელვადიანი დახურვით.

შეშფოთებული ვართ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას.

ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების მუდმივი შეზღუდვით გამოწვეული მძიმე შედეგების კიდევ ერთი ტრაგიკული ილუსტრაციაა.

შეშფოთებული ვართ 2019 წლის 24 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების დაკავებით.

ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეს. ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ეუთო-ში საქართველოს მეგობარ ქვეყანათა ერთობლივი განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს, ასევე ვითარების დეესკალაციისკენ მიმართულ საქართველოს პოლიტიკას.

„მოვუწოდებთ ეუთო-ს საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში ჩართულობისკენ.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები გააგრძელებენ კონფლიქტზე და ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას, ზეწოლას რუსეთზე, რათა შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის ხელშეწყობას“, – ნათქვამია განცხადებაში.