TI: მოვუწოდებთ ანტიკორუფციულს, დაუყოვნებლივ ჩაგვაბარონ გადაწყვეტილება

პუბლიკა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი მოეხსნას ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელს, არ ჩაჰბარებიათ.
TI აცხადებს, რომ ბიუროში ოფიციალურად გავაგზავნეს მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების აქტის ჩაბარების შესახებ, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს. ორგანიზაცია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, დაუყოვნებლივ ჩაბარდეთ გადაწყვეტილება.

„დღეს სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მან გააუქმა 2024 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება ა(ა)იპ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” და ეკა გიგაურის მიმართ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსის მინიჭების შესახებ. განსხვავებით 24 სექტემბრის აქტისა, რომელიც პრესკონფერენციის დასრულებისთანავე ბიუროს ოფიციალურ ვებ გვერდზე აიტვირთა და იმავე დღეს ჩაგვბარდა, დღევანდელი გადაწყვეტილება არც ოფიციალურად გამოქვეყნებულა და არც მხარეებს არ ჩაბარებია. მიუხედავად იმისა, რომ ბიურომ თავად უნდა მოგვაწოდოს აქტი წინა გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით, ჩვენ ოფიციალურად გავაგზავნეთ მოთხოვნა მოცემული გაუქმების აქტის ჩაბარების შესახებ. ბიუროს კანცელარიაში ეს წერილი ჯერ კიდევ 14:00 საათისთვის იყო დარეგისტრირებული. ბიუროს წარმომადგენლებთან გასაუბრების შემდეგ მათ უარი თქვეს გაუქმების აქტის დაუყოვნებლივ გადმოცემაზე და არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, როდის აპირებენ სტატუსის გაჩერებასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილების ოფიციალურად გამოქვეყნებას ან/და ჩვენთვის გადმოცემას. მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს, დაუყოვნებლივ ჩაგვაბარონ მიღებული გადაწყვეტილება“, – წერია განცხადებაში.