„მოვუწოდებ ბაიდენს, დაუყოვნებლივ სანქციები ბიძინა ივანიშვილს“ - ნათელაშვილი

პუბლიკა

მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მათი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ნიკა მელია.

„მოვითხოვთ ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენ მოვუწოდებთ, ქართველ ხალხს, ყველანი დადექით ფეხზე, ყველანი გამოდით გარეთ ბარიკადებზე. ეს ყველას საქმეა, ეს მომავლის საქმეა.

მოვუწოდებ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ბაიდენს, ევროკავშირის ხელმძღვანელობას დაუყოვნებლივ სანქციები ივანიშვილის კრიმინალურ მილიარდებზე. ასევე, დიპლომატიური, საფინანსო და სავიზო სანქციები მისი ხროვის ისეთ თანამონაწილეებზე, როგორებიც არიან: ღარიბაშვილები, გომელაურები, ლილუაშვილები, წულუკიანები, კობახიძეები, მდინარაძეები“, – განაცხადა მან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

აქცია კანცელარიასთან 3 საათზე დაიწყო. აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ დაანონსდა.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.