მოვუწოდებ მორაგბეებს, აკეთონ თავიანთი პროფესიული საქმე - რაგბის კავშირის პრეზიდენტი

პუბლიკა

მას შემდეგ, რაც ქართველმა მორაგბეებმა სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტები გამოაქვეყნეს რუსული კანონისა და საპროტესტო აქციის დარბევის შესახებ, განცხადება გაავრცელა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ.

ტყემალაძის მტკიცებით, მორაგბეებსა და სხვა სპორტსმენებზე „მიმდინარეობს ზეწოლა“. ის მოუწოდებს ყველას, „შეწყვიტონ ეს ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება აკეთონ თავიანთი საქმე“.

„იგივეს მოვუწოდებ მორაგბეებსაც, რომ აკეთონ თავიანთი პროფესიული და საყვარელი საქმე, თავისი შრომით და თავდადებით დადონ თითო აგური ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის, კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გვასახელონ სხვადასხვა ჩემპიონატებზე თუ ტურნირებზე, რაც შეიძლება ბევრ ქვეყანაში აგვეწიოს საქართველოს დროშა ამაყად“, – აცხადებს ტყემალაძე.

რაგბის კავშირის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ გუნდის წევრების მიერ გაკეთებულმა სხვადასხვა ხმამაღალმა განცხადებებმა შეიძლება გამოიწვიოს განხეთქილება და დაპირისპირება ნაკრებში.

„გარდა ამისა, მინდა ყველას შევახსენო, რომ არა „ფონდი ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი დღეს არ ექნებოდათ ბიჭებს ის ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები რაც გააჩნიათ, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა იმ შედეგების მიღწევა რაც გაგვაჩნია. ასევე მთავრობის ხელშეწყობით და მხარდაჭერით არის, რომ დღეს საშუალება გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ მნიშვნელოვან ევროპულ ტურნირებში და ჩვენს ბიჭებს ქონდეთ ღირსეული პირობები ამისთვის. ეს მხარდაჭერა გვაძლევს სიმტკიცეს, რომ კიდევ უფრო მეტი ამბიცია გავიჩინოთ და კიდევ უფრო მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებში ჩავერთოთ და მივიღოთ მონაწილეობა, რათა ქართული დროშა მსოფლიოს სარაგბო ქვეყნების არენებზე ფრიალებდეს“, – აცხადებს ტყემალაძე.


რუსული კანონის ირგვლივ განვითრაებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ მორაგბეები სოსო მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, დავით ნინიაშვილი, ნიკა აბულაძე.