„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ მოუწოდა, რომ წავიდეს ენმ-დან თუ მას პარტიაზე „გული აღარ შესტკივა“.
გიორგი ბარამიძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ ნიკა მელიას პარტიაში რამე არ მოსწონდა, მაშინ უნდა ესაუბრა, როცა პარტიის ლიდერი იყო.
„მოვუწოდებ, რომ წავიდეს, თუ აღარ შესტკივა გული. თავისი ოჯახი ააშენოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. თავისი პარტია ჩამოაყალიბოს და უკეთესი იყოს. სხვისი ლანძღვით კი არა, თავისი ყოფილი გუნდის ლანძღვით კი არა, იმით, რომ უკეთესი იყოს. კიდევ ერთხელ შევახსენებ, ვიდრე 2021 წლის ამბებზე დღეს ილაპარაკებს, მანამდე გასცეს პასუხი, მაშინ რატომ არ თქვა ამის თაობაზე, თუ ასეთი სიმართლის მთქმელი იყო? რატომ ჩაიგუბა პირში წყალი?“, – განაცხადა მან.
გია ბარამიძე შეკითხვას სვამს ნიკა მელიას იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვით, 2021 წლის არჩევნებზე მარტვილში ენმ-ის წარმომადგენელი ზაზა გოროზია „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერს, ფრიდონ ინჯიას გაურიგდა, რის შედეგადაც ოპოზიციამ საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა.
ბარამიძის ინტერვიუს მელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ძალიან სამწუხაროა, ადამიანის დეგრადაციის პირდაპირ ეთერში ყურება, როგორ შეიძლება ხუნდებოდეს პრინციპები და იდეალები. ჭაობის პრინციპი ისაა, რომ რაც მეტს იმოძრავებ უფრო ჩაეფლობი, პოლიტიკური კორუფციის ჭაობიც ზუსტად ასეთია; ვუყურებთ გია ბარამიძეს და ვხედავთ ფაქტების დამახინჯებასა და ყველაფრის “გაპრავებას” პარტიის ინტერესის სახელით. უბრალორ ვერ ვხვდები, როდის მერე გახდა გიასთვის ნორმა, ან რატომ ჰგონია რომ ქვეყანა ჩალითაა დაფარული და ყველაფრის იაფფასიანი გაპრავებით „ახლა ერთობაა მნიშვნელოვანი” და პუტინისტ ბერძენიძეებთან და ინჯიას მეგობარ გოროზიასთან ერთად, ან მეტ ნდობას დაიმსახურებს ან როდისმე რამეს მოიგებს. ვუთხარი ერთხელ დამპალი და დაჭიანებული დროშის ტარი შეგრჩება ხელშითქო…“, – აღნიშნა მან და ბარამიძის შეკითხვებსაც უპასუხა.
„გოროზიასა და ფრიდონ ინჯიას შორის პოლიტიკური კორუფციის შესახებ მე 2021 წლის არჩევნების შემდეგ გავიგე, როცა მარტვილში კოალიცია შეუკრა ზაზა გოროზიამ ოცნებას. კარგად გაიხსენეთ რა დრო იყო მაშინ, მიშა ჩამოსული და დაჭერილი… გაიხსენეთ რა ტურბულენციაში მომიხდა თავმჯდომარეობა, ჩემი დაჭერიდან დაწყებული, მიშას დაჭერით დამთავრებული… ან ახლა რომ არის გია ბარამიძე პარტიის სამდივნოში რას აკეთებს? თანამდებობა იყოს და ყველაფერი მოსულა?“, – დაწერა მელიამ და ბარამიძე უპრინციპულობაში დაადანაშაულა.
25 ივლისს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მისი პარტიის წარმომადგენლები „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატს ფრიდონ ინჯიას შეუთანხმდნენ.