„გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს. შესაბამისად, მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ და დაიწყონ გამოძიება თითოეულ ინფორმაციასთან დაკავშირებით“ – სახალხო დამცველი საპატრიარქოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ბოლო დღეების განმავლობაში, ცალკეული სასულიერო პირები მედიის საშუალებით აჟღერებენ ინფორმაციას, რომ მათთვის ცნობილია სასულიერო პირების მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და სექსუალური ხასიათის ქმედებების იძულების ფაქტების შესახებ. საუბრებში ისინი ასევე მიანიშნებენ, რომ ეს ქმედებები შესაძლოა, ჩადენილი იყოს არასრულწლოვანთა მიმართაც“.
ასევე, ის მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომლისთვისაც ცნობილია ზემოაღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამის ორგანოებს.
სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი რეაგირების თხოვნით წერილობით უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
ლომჯარია მოუწოდებს განცხადებების ავტორებს, დაუკავშირდნენ სახალხო დამცველის აპარატს, „რათა მაქსიმალურად სრულყოფილ ინფორმაციას მოვუყაროთ თავი და შევძლოთ მისი გადამოწმება“. მისი თქმით, შესწავლის პროცესში, მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებლის კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილი იქნება.