მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის დასახმარებლად - ბლინკენი

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა წერილით მიულოცა. წერილი 22 აპრილითაა დათარიღებული, მაგრამ საჯარო ახლა გახდა. წერილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

წერილში, რომლის ნაწილსაც 1tv.ge ავრცელებს, აღნიშნულია, რომ ენტონი ბლინკენი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას გლობალურ და რეგიონულ დონეზე, განსაკუთრებით კრემლის აგრესიის ფონზე. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ამავდროულად, როდესაც მთელი მსოფლიო ეხმაურება რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე“, – აღნიშნავს ენტონი ბლინკენი წერილში.

ის ასევე წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულია.