პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თიანეთის მერობის კანდიდატს თამაზ მეჭიაურს მოუწოდებს, რომ არჩევნების მეორე ტურში გზა დაუთმოს „ქართული ოცნების” კანდიდატს, ლევან წიკლაურს.
მისივე თქმით, თიანეთი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რა სირთულეები წარმოიქმნა, როდესაც არჩეულ მერსა და ცენტრალურ მთავრობას შორის კოორდინაცია არ არსებობდა.
„მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური უპირისპირდება ამ ახალგაზრდა, წესიერ კაცს და მინდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან სამწუხაროა, რომ გუნდის ყოფილი წევრი უპირისპირდება ჩვენი გუნდის წევრს და მე მოვუწოდებდი ბატონ თამაზ მეჭიაურს, რომ გზა დაუთმოს ამ ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანს და „ნაციონალების“ წისქვილზე ნუღარ დავასხამთ წყალს.
ვიცი, რომ თიანეთის მოსახლეობა მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას, არჩევანს გააკეთებს და ამის შემდეგ გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას. თიანეთი კარგი მაგალითია იმიტომ, რომ 4 წლის წინ გაიმარჯვა დამსახურებულად თამაზ მეჭიაურმა და ეს 4 წელი იყო არასტაბილურობის 4 წელი, არასწორი კოორდინაცია, მუდმივი დაძაბულობა, საკრებულოსთან მუშაობაში იყო ბევრი სირთულე და საბოლოო ჯამში ეს აისახა ჩვენს მოსახლეობაზე, თიანეთის მოსახლეობაზე. ათჯერ მეტი საქმის გაკეთება შეგვეძლო, შეეძლო მასაც, საკრებულოს, ჩვენს გუნდს, სამხარეო ადმინისტრაციას, ცენტრალურ მთავრობას, მაგრამ ვინაიდან მერი არ იყო პარტიის კანდიდატი, ეს იყო მუდმივი დაძაბულობის მიზეზი, საბოტაჟის და კოორდინაციის არარსებობა. ამას ვგულისხმობდი, როცა 2 დღის წინ გავაკეთე კომენტარი და ეს არის კლასიკური მაგალითი, რომ იტყვიან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.