თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ნარკოტესტი ჩააბარა. კალაძის თქმით, მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოუწოდებს თბილისის მერობის სხვა კანდიდატებსაც, რომ მასავით ჩააბარონ ნარკოტესტი.
„როგორც რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე, ჩავიტარე ანალიზები და პასუხია, რომ სუფთა ვარ ყველანაირად. შესაბამისად, სუფთა არჩევნები და სუფთა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია – ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის.
ასევე მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, გააკეთონ ანალოგიური და საზოგადოებას წარუდგინონ შედეგები. მე მინდა, მივმართო ასევე სამხარაულის ბიუროს, რომ მათ აქვთ უფლება გაასაჯაროონ ეს მონაცემები, შედეგები ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის.
ანალიზი იყო სტანდარტული და ჩვენ დავამატებინეთ კიდევ რაღაცები, რომ მაქსიმალურად გაჯერებული ყოფილიყო, რაც კი არსებობს, ყველაფერზე ყოფილიყო კონტროლი“, – განაცხადა კალაძემ სამხარაულის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ.