თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
პროკურატურა ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებოდა.
გადაწყვეტილებას სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.
მისი თქმით, კოალიციაში ამაყობენ მათი ლიდერებით, ადამიანებით, რომლებიც სისტემას ებრძვიან „არაღიარებით და ართანამშრომლობით“.
მისივე თქმით, თანაგუნდელები ბრძოლას აგრძელებენ, იმ პრინციპებით, „რის გამოც ზურა ჯაფარიძე ციხეში გაუშვეს 7 თვით“.
„ჩვენ არ ვიცით, სისტემა რა ტაქტიკას აირჩევს, რას ჩახლართავს. მინდა, მოვუწოდო ყველას ოპოზიციაში, დღეს არის ერთიანობის, ართანამშრომლობის, არაღიარების, ერთად ბრძოლის დრო, ერთადერთი რისიც რეჟიმს ეშინია, ეს არის პრინციპულობა და ერთად დგომა.
ამიტომ პირველ რიგში მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს ვუსურვებ რომ არ მოუწიოთ, ციხეზე არ გადიოდეს მათი გზა, მაგრამ ამასაც არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ყველა დავდგეთ ერთად, დავასრულოთ კამათი ამ არჩევნების აბსურდულობაზე, ამ რეჟიმთან ეს უბრალოდ არ არსებობს და გავაგრძელოთ ერთად ბრძოლა, მათ შორის მორალურად გამართულებმა, ჩვენი მეგობრების და პარტნიორების და ახალგაზრდების, 50 ახალგაზრდას ციხეში ყოფნის ფონზე ჩვენ არც კი დავუშვებთ ამ აბსურდულ არჩევნებში შესვლას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.