“მოვუწოდებ ყველას, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე, რათა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება სამართლიანი არჩევნების გზით, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება. ეს იქნება გამარჯვება, ეს იქნება გიორგობის გამარჯვება”. – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, სასახლეში გამართულ, დაჯილდოების ცერემონიალზე გააკეთა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოვდა ომისა და თავდაცვის ძალების 23 ვეტერანი, მათ შორის: ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით 4, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი 5, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით 8 ვეტერანი, ხოლო მედალი „მხედრული მამაცობისათვის“ გადაეცა 6 ვეტერანს.
ცერემონიალს ვეტერანების ოჯახის წევრები, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე ესწრებოდნენ.