მოვუწოდებ ყველას, მათ შორის, ევროპარლამენტარებს, თავი შეიკავონ სასამართლოზე გავლენის მცდელობისგან - პაპუაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს ყველას, მათ შორის, ევროპელ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ „გავლენის მოხდენის მცდელობისგან საქართველოს სასამართლოზე“.

პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებას.

„ემსახურეთ სიმართლეს და არა ოლიგარქს; გააკეთეთ ის რაც სამართლიანია და არა ის, რასაც გიბრძანებენ“, – მიმართა გალერიმ მოსამართლეებს გუშინ, 11 ივლისს.

პაპუაშვილის შეფასებით, გალერის განცხადება სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.

„ამ განცხადების სარჩული რა იყო? – თითქოს კონკრეტული მოსამართლეები როგორც წესი, რაღაც გავლენის ქვეშ არიან და ამ გადაწყვეტილების დროს, ამ პროცესში ამ გავლენიდან გამოვიდნენ. თავის მხრივ, ეს არის ამ მოსამართლეების შეურაცხყოფა და ამავე დროს არის მცდელობა, რომ გავლენა მოახდინონ სასამართლოზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის პირველი სხდომა თბილისის საააპელაციო სასამართლოში 19 ივლისს ჩაინიშნა.

ამ საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ „მთავარ არხს“ განუცხადა, რომ მოსამართლეებმა უნდა იფიქრონ, როგორი მომავალი სურთ, ჰქონდეთ.