მოვუწოდებთ​ სახელმწიფოსა და მედიებს, გაითვალისწინონ უმცირესობების ენები საინფორმაციო პოლიტიკაში – NGO-ები

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობასა და მედიას მოუწოდებენ, საინფორმაციო პოლიტიკაში გაითვალისწინონ უმცირესობის ენები და არ შეუწყონ ხელი სიძულვილის ენის გამოყენებას.

„მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საზოგადოებრივ მაუწყებელს, კერძო ტელევიზიებს ხელი შეუწყონ COVID-19 ვირუსთან და მის პრევენციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და მიიღონ პოზიტიური ზომები სიძულვილის ენის და დისკრიმინაციული შინაარსის მქონე ინფორმაციის, მიდგომების გავრცელების პრევენციისთვის“, – ნათქვამია NGO-ების მიმართვაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის სიმრავლეზე და წერენ, რომ განათლების სისტემაში ფუნდამენტური ჩავარდნების გამო ამ რეგიონებში დაბალია სახელმწიფო ენის ცოდნა, რომელიც სხვადასხვა მონაცემით საშუალოდ 65%-ს აღწევს. რაც სერიოზული გამოწვევაა.

მაგრამ, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამის მიუხედავად რეგიონებში არსებული ადგილობრივი თვითმმართველობები და სახელმწიფო უწყებები წლების განმავლობაში არ უზრუნველყოფენ ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესის ორგანიზებას. ეთნიკური უმცირესობებისთვის ნაკლებად არის ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი მაუწყებლის და ასევე კერძო ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაციაც.

„სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის 2019 წლის კვლევის მიხედვით, სომეხი თემის მხოლოდ 21% და აზერბაიჯანელი თემის მხოლოდ 13% იღებს ინფორმაციას თითქმის ყოველდღიურად საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ნიშანდობლივია, რომ ინფორმაციის მიღების მაჩვენებლები განსაკუთრებით მცირდება მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში. აღსანიშნავია, რომ ქართულ ენაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანელი და სომეხი თემის (ცალ-ცალკე) მხოლოდ 29% იღებს“, – ნათქვამია მიმართვაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები წერენ, რომ ეს ბარიერები აფერხებს ადგილობრივი თემების პოლიტიკურ მონაწილეობას და აღრმავებს მათ სოციალურ და კულტურულ იზოლაციას, გაუცხოებას და სოციალური მოწყვლადობას, რის შესახებაც ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები წლებია საუბრობენ.

„ამ რეგიონებში მცხოვრები თემებისთვის ინფორმაციაზე და სოციალური სერვისებზე წვდომის შეზღუდულობა კრიტიკულად გამოჩნდა ვირუსის გავრცელების დონზე. სამწუხაროდ, თავის დროზე სახელმწიფომ აქტიური პოზიტიური ზომები ამ რეგიონებში ინფორმაციის გავრცელებისთვის და სოციალური დისტანციის პრაქტიკის პოპულარიზებისთვის არ მიიღო. შექმნილი კრიტიკული ვითარება ამ მიდგომების შეცვლისა და დამატებითი პოზიტიური ზომების მიღების საჭიროებას აშკარად ქმნის“, – წერენ NGO-ები.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად შემდეგ მოწოდებებს აკეთებენ:

საქართველოს მთავრობას

  • უზრუნველყოს ვირუსის და მისი პრევენციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების კარგად ორგანიზებული კამპანია ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე, რომლის გავრცელებას ის საზოგადოებრივი მაუწყებლის და ასევე, კერძო ტელეკომპანიების მხარდაჭერის გზით მოახდენს;
  • უზრუნველყოს სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელ ყველა რელევანტურ უწყებებში და ონლაინ პლატფორმებში (112, 1505, Stopcov.ge, 116 001, და ა.შ)  სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი კონსულტანტების დამატება და უმცირესობებისთვის მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდება;
  • ვირუსთან, მის პრევენციასთან და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი განცხადება მთავრობის და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მხრიდან ასევე ითარგმნოს აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე, როგორც ეს პრემიერ-მინისტრის გუშინდელი ბრიფინგის დროს ორგანიზდა;
  • მთავრობის წევრებისა და სახელმწიფო წარმომადგენლების საჯარო რიტორიკაში გამოჩნდეს თანასწორობის მხარდამჭერი ღია გზავნილები.

მარნეულის და ბოლნისის ადგილობრივ თვითმმართველობებს

  • შეისწავლონ მათ მუნიციპალიტეტებში და განსაკუთრებით სოფლებში არსებული საჭიროებები ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სერვისებზე წვდომის კუთხით, გამოვლენილი ინფორმაციული საჭიროებების და ხარვეზების, მთავრობასთან გააძლიერონ ინფორმაციული და საგანმანათლებლო პოლიტიკის კოორდინაცია.

საზოგადოებრივ მაუწყებელს

  • უზრუნველყოს ტელეეთერში (და არა მხოლოდ ინტერნეტპლატფორმებში) ვირუსთან, მის პრევენციასთან დაკავშირებული სოციალური რეკლამებისა და სხვა მნიშვნელოვანი შინაარსის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნა და გავრცელება;
  • მიიღოს პოზიტიური ზომები თანასწორობის იდეის მხარდასაჭერად და ვირუსის გავრცელების პრობლემასთან დაკავშირებით შესაძლო დისკრიმინაციული  და სიძულვილის ენის შემცველი განმარტებების და მიდგომების პრევენციისთვის.

კერძო ტელეკომპანიებს

  • მათი მედიასაშუალებების დაფარვის, გავლენების და სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, უზრუნველყონ ვირუსთან და მის პრევენციასთან დაკავშირებული ინფორმაციის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე უკვე შექმნილი მასალის აქტიური გავრცელება მათ ეთერებში

მიმართვას ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები:

  1. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  2. პლატფორმა სალამი
  3. სოფელი კასუმლოს სათემო ცენტრი
  4. სოფელი აღმამედლოს სათემო ცენტრი
  5. ახალი აზროვნების ინსტიტუტი
  6. სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრი
  7. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  8. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  9. თანასწორობის მოძრაობა
  10. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  11. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  12. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  13. კავშირი საფარი
  14. მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  15. კონსტიტუციის 42-ე მუხლი