„მოვუწოდებთ, დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება" - ევროპარლამენტარები

პუბლიკა

გუშინ „კოალიცია ცვლილებისთვისა” და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ევროპარლამენტარებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი, სადაც ევროპარლამენტარებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ის ვერ შეფასდება როგორც თავისუფალი და სამართლიანი.

პეტრას აუსტრევიჩუსი:

„საქართველოში დაფიქსირდა არაერთი დარღვევა, რაც ძირს უთხრის არჩევნების თავისუფლებას და ყოველივე ამან მიგვიყვანა იმ აზრზე, რომ შევთანხმებულიყავით არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც არ არის გამჭვირვალე, არც თავისუფალი და სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ, რომ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება, რომელსაც სათავეში ევროკავშირი ჩაუდგება, თანაც რაც შეიძლება სწრაფად.
რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს საქართველოში ექნება უზარმაზარი გავლენა ევროკავშირთან ურთიერთობებზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს”.

მარკეტა გრეგოროვა:

„მე აქ ვიმყოფები არა მხოლოდ როგორც საქართველოს მეგობარი ამ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, ასევე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრიც და ჩვენ, როგორც ევროპარლამენტის მისიის წარმომადგენლებს, გვინახავს არაერთი მანიპულაციის მეთოდი არჩევნებში. რა თქმა უნდა, თქვენ გინახავთ ეუთოს, ევროკავშირის ანგარიშები და იცით, რომ, ჩვენი აზრით, ეს არჩევნები არ ჩატარდა სამართლიანად.

ჩვენ ასევე ვნახეთ, რა ხდებოდა, სანამ ჩატარდებოდა არჩევნები. ტყუილები და დეზინფორმაცია ვრცელდებოდა როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე, რუსეთის მთავრობის მიერ, რათა მოეტყუებინათ ქართველი მოქალაქეები. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი მოქალაქეები ძირითადად პროდასავლურად და პროევროპულად არიან განწყობილი, თუმცა ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ ევროკავშირისათვის ხმის მიცემა, ავტომატურად ნიშნავს „გლობალური ომის პარტიისათვის“ ხმის მიცემას. ჩვენთვის შეიძლება, ეს ძალიან სულელურად ჟღერდეს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ ამის და ეს ინფორმაცია ვრცელდება ადამიანების მიერ, რომლებიც აღვნიშნეთ. მაგალითად, ბატონი კობახიძე, რომელიც არის ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც ამ შეთქმულების თეორიის ავტორია.

მე მინდა, დავეხმარო ქართველებს, რომ შეინარჩუნონ ევროპული მომავალი”.

რასა იუკნევიჩიენე:

„ნათელია, რომ საქართველოში არჩევნები ვერ იქნება მიჩნეული თავისუფლად და სამართლიანად. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ესაა, არჩევნების აღიარების უარყოფა და მოწოდება ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ, გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, რათა უზრუნველყოფილ იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი და ერთადერთი გამოსავალი”.