„მოვუწოდებთ EU-ს ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე“ - რეზოლუცია

პუბლიკა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.

რეზოლუციის მე-17 პუნქტში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს;

„ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოსა და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში, და ამით ცალსახად აჩვენონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა რეალიზდეს ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებები. ამას მოწმობს ქვეყნის 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრებაზე. ევროპარლამენტი გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური სწრაფვა იმსახურებს ხორცშესხმას და მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად. ეს უნდა მოხდეს დამსახურების საფუძველზე და შემდეგი პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს“, –წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.