საქართველოში რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტის, მიხეილ ფიშმანი არშემოშვების შესახებ განცხადებას ავრცელებს „კოალიაცია მედიის ადვოკატირებისთვის“. კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში შემოუშვას პროფესიული საქმიანობის გამო შევიწროებული რუსი ჟურნალისტები.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „დოჟდი“ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელი იყო რუსეთში. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 3 მარტს შეაჩერა.
ახლახან რუსეთის ხელისუფლებამ რეგულაციები დააწესა, რამაც დამოუკიდებელ მედიას გაურთულა ომის გაშუქება. ინფორმაციის – რომელსაც კრემლი “ყალბად” მიიჩნევს – გავრცელებისთვის, ადამიანი შეიძლება დაისაჯოს მაღალი ჯარიმით ან პატიმრობით. აღნიშნულის ფონზე, ჟურნალისტების ნაწილი ცდილობს დატოვოს რუსეთი. რუსეთში შეწყვიტეს მაუწყებლობა სხვა მედიასაშუალებებმაც, მათ შორის CNN-მა, დაიხურა Deutsche Welle-ს რუსული ბიურო. ამიტომაც, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს დახმარება დასჭირდებათ სხვა რუსს ჟურნალისტებსაც“, – აცხადებს კოალიცია.
მედიაკოალიცია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს იმ ფონზე, როცა მსგავსს დაბრკოლებებს რუსეთიდან ერევნის გავლით შემოსული სხვა პირები არ აწყდებიან. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა განმარტოს თუ რა გახდა მიხეილ ფიშმანის არ შემოშვების მიზეზი.
კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას საზღვრის კვეთისას არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები პროფესიული საქმიანობის გამო შევიწროებულ რუს ჟურნალისტებს. განუხრელად შეასრულოს “საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები და არ შელახოს კრიტიკული ჟურნალისტების და მათთან ერთად მყოფი პირების უფლებები.