მოვუწოდებთ ხელისუფლებას მიიღოს საგანგებო ზომები ახალგორში ჯანდაცვის კრიზისის საპასუხოდ - EMC

პუბლიკა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ განცხადებას ავრცელებს და ბოლო თვეების განმავლობაში ახალგორში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს ეხმიანება. EMC საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები ამ კრიზისებზე და მის უმძიმეს ადამიანურ და სოციალურ ზიანზე საპასუხოდ და მათ შორის, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის სექტემბრის შემდეგ ახალგორის დაბა და მიმდებარე სოფლები ჩაიკეტა და პრაქტიკულად იზოლირებულია დანარჩენი რეგიონებისგან. ამ მოცემულობაში რეგიონი სოციალური და სამედიცინო კრიზისის წინაშე დგას. პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გართულდა სოციალური მდგომარეობა იმ ადგილობრივებისთვის, ვინც ძირითადად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აღებული პენსიით ირჩენდა თავს.

რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ვერ ახერხებდნენ პენსიის მიღებას და მხოლოდ 2020 წლის იანვარში გახსნა დე-ფაქტო ხელისუფლებამ გამშვები პუნქტი მხოლოდ პენსიონერებისთვის შეზღუდული ვადით. თუმცა, ამ მიზნით გამოსვლის პროცედურაც თანმიმდევრული და გამჭირვალე არ არის.

ამასთან გართულებულია, პაციენტების გამოყვანა ამ რეგიონიდან. მიუხედავად იმისა, რომ წითელი ჯვარის დახმარებით პაციენტების ნაწილის გადმოყვანა თბილისში ხერხდება, ეს პროცესი ხშირად აწყდება გაუმართლებელ ბარიერებს ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების უწყებებიდან.

პაციენტს წითელი ჯვარი თბილისში გადმოიყვანს, მათ სჭირდებათ შესაბამისი ნებართვების აღება ადგილობრივი დე-ფაქტო უწყებებიდან და ადგილობრივი კლინიკის ექიმებისგან, რაც ხშირად არ არის მარტივი საქმე, განსაკუთრებით გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში.

2020 წლის იანვარში პენსიონერებისთვის საზღვრების გახსნის შესაძლებლობით ვერ ისარგებლა 62 წლის გურამ ბეინაშვილმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ შინაგანი ორგანოების დაავადებით გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში ავიაციაში მსახურეობდა და სწორედ ამის გამო სპეციალურ პენსიას იღებდა. თუმცა, არასაპენსიო ასაკის გამო, მას დე-ფაქტო რეჟიმმა ახალგორის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა და მას მძიმე ეკონომიკურ პირობებში უწევდა ცხოვრება.

იმის გამო, რომ მან ვერც ცხინვალის და ვერც ახალგორის საავადმყოფოებში დახმარება ვერ მიიღო, ის სათანადო სამედიცინო მხარდაჭერის გარეშე გარდაიცვალა. ჯანდაცვის პრობლემების წინაშე დგას მძიმე დაავადებული გოგი თათარაშვილიც, რომელსაც ადგილობრივი ექიმი ცნობას არ აძლევს, რომ წითელი ჯვრის დახმარებით შეძლოს გადმოსვლა და სამედიცინო დახმარების მიღება.დროული სამედიცინო დახმარების არარსებობის პირობებში ბოლო თვეების განმავლობაში ახალგორის რაიონში ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა. სიტუაციას ამძიმებს ის გარემობაც, რომ ახალგორში ექიმები პრაქტიკულად აღარ დარჩნენ.

ჯანდაცვის და მძიმე სოციალური პრობლემების გამო ახალგორის დაბა და მისი სოფლები დღითიდღე იცლება, სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების რომ მიიღონ გასვლის ნებართვა, ასევე წითელი ჯვრის დახმარებით გადმოდიან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე, წეროვანში და სხვა ადგილებში საკუთარ ოჯახებთან გაერთიანების მიზნით. როგორც ადგილობრივები იუწყებიან მალე ახალგორი დაიცლება, რადგან მოსახლეობა ვერ გაუძლებს არსებულ კრიზისს.

შექმნილი კრიზისის სიმწვავიდან გამომდინარე არსებითია საქართველოს ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა ახალგორში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უფლებების დასაცავად. ეს ღონისძიებები მათ შორის უნდა მოიცავდეს დიპლომატიური, პოლიტიკური და ადმინისტრაციული რესურსების გონივრულ და მაქსიმალურ გამოყენებას უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ჰუმანიტარული კრიზისის მასშტაბიდან და ადამიანური და სოციალური ზიანიდან გამომდინარე არსებითია ახალგორში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესი მთავრობის პირველად პრიორიტეტებში მოექცეს და ამისთვის სპეციალური და საგანგებო ნაბიჯები იქნას გადადგმული.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები მოლაპარაკებების ერთადერთი ოფიციალური ფორმატია, სადაც ხელისუფლებამ შეიძლება დააყენოს მსგავსი მწვავე პრობლემები. მოლაპარაკებების ბოლო, 51-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართა ჟენევაში, სადაც ახალგორში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზეც იყო საუბარი, თუმცა უცნობია რაიმე პოზიციები თუ გაჟღერდა რუსეთის ან ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხზე და რა შედეგებისკენ მიდის საქართველოს ხელისუფლება ამ კრიზისის დასაძლევად.

ამ პირობებში EMC მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • გააძლიეროს საერთაშორისო დიპლომატიური მისიების გავლით ზეწოლა რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებაზე მიმოსვლის თავისუფლების აღსადგენად და დროული და შეუფერხებელი სამედიცინო დახმარებების უზრუნველსაყოფად;
  • გამოიყენოს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან არაფორმალური კომუნიკაციის ყველა არხი შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე ახალგორსა და მიმდინარე სოფლებში მცხოვრები ადამიანების დასაცავად;
  • წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საშუალებით უზრუნველყოს სამედიცინო რესურსების, მათ შორის მედიკამენტების და სამედიცინო პერსონალის ცხინვალის რეგიონში, მათ შორის, ახალგორის რაიონში გაგზავნა.“, – წერია EMC-ის განცხადებაში.