საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გააძლიეროს მისი პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევა ცხინვალში დაპატიმრებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად და შეიმუშავოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო ეფექტიანი პოლიტიკა.
„საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე თითქმის 1 წელია ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობაში რჩება. ზაზა გახელაძის პატიმრობა ცხინვალში ე.წ. საზღვრის კვეთის გამო ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების უკანონო ხელყოფის ყველაზე ხანგრძლივი და განგრძობადი შემთხვევაა და საგანგაშო გამოცდილებას ქმნის. ხანგრძლივი პატიმრობისა და არაერთი საჯარო დაპირების მიუხედავად, ზაზა გახელაძის გათავისუფლების ხელშეწყობა საქართველოს ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ შეძლო…
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება 1 წელია მუდმივად უთითებს ყველა საერთაშორისო დიპლომატიური ინსტრუმენტის გამოყენებაზე ზაზა გახელაძის გათავისუფლების მიზნით, აშკარაა, რომ ეს ზომები არ იძლევა უკანონო პატიმრის გათავისუფლებისა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის შესაძლებლობას“,- ნათქვამია განცახდებაში.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას:
- გააძლიეროს დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ზაზა გახელაძის დროული გათავისუფლების ხელშეწყობის მიზნით;
- შექმნას ცხინვალის დე–ფაქტო რეჟიმთან კომუნიკაციის ხაზები ზაზა გახელაძის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელშეუხებლობის გარანტირების და დროული გათავისუფლების მიზნით;
- შეიმუშავოს კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვაზე მიმართული ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ამ სფეროში საუკეთესო პრაქტიკებს და უკვე დაგროვებულ გამოცდილებას დაეფუძნება.
ხელმომწერი ორგანიზაციები
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
- უფლებები საქართველო
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- ღია საზოგადოების ფონდი
- ასოციაცია “თანხმობა”