მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს გარემოსდამცველებზე თავდასხმის სახიფათო ტენდენცია - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, ბოლო პერიოდში გარემოსდამცველების, კერძოდ „რიონის ხეობის მცველების“ მიმართ ხელისუფლების მხრიდან თავდასხმა გახშირდა. არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეწყვიტოს დაუსაბუთებელი თავდასხმა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წერს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები სადავოდ გამხდარი „რუსული კანონის“ საჭიროების დასაბუთებისას, მაგალითად მიუთითებდნენ, რომ „ნამახვანი ჰესის“ პროექტის მიმართ წინააღმდეგობა რუსული წყაროებიდანაც ფინანსდებოდა. თუმცა ამ ბრალდების შესახებ მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

„შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები თავს ვალდებულად არ თვლიან, საკუთარი განცხადებები კონკრეტული მტკიცებულებებით დაასაბუთონ, მსგავსი ბრალდება შეიძლება გაჟღერდეს ნებისმიერი ჯგუფის მიმართ, რომელიც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართებულებას ეჭვქვეშ დააყენებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, აქტივისტები ამ თემაზე ხელისუფლებასთან დებატებს მოითხოვენ, რაზეც ხელისუფლებამ შეურაცხმყოფელი განცხადებით უპასუხა. არადა, ცენტრის განცხადებით, გარემოსდამცველთა წუხილების და არგუმენტების ნაწილის მართებულობა თავის დროზე, თავად პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა.

ბოლო პერიოდში გახშირებული თავდასხმებით კი გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ სტრატეგიაა კრიტიკულად განწყობილი ჯგუფებისთვის იარლიყის მიკერება და დისკრედიტაცია.

„მიგვაჩნია, რომ ამგვარი ბრალდებები ხელისუფლების და მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გარემოს დაცვის და მონაწილეობის უფლებებს, ისევე როგორც საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებულ საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც მოითხოვს, რომ პირები, რომლებიც გარემოსდაცვით უფლებებს ახორციელებენ, არ უნდა იყვნენ დასჯილი; დევნილი ან რაიმე ფორმით შევიწროებული.

მტკიცედ გვჯერა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების და უფლებების უგულებელყოფით, სამართლებრივი დარღვევებით და საჯარო ინტერესთან შესაბამისობის შეფასების გარეშე დაგეგმილი ნებისმიერი პროექტი არ შეესაბამება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არსებული პრობლემების გრძელვადიან და მდგრად გადაწყვეტას ვერ უზრუნველყოფს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები გარემოსდამცველების მიმართ და პატივი სცეს, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებულ ძირითად უფლებებს“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

არასამთავრობო ორგანიზაცია მხარდაჭერას უცხადებს ყველა ადგილობრივ გარემოსდაცვით აქტივისტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ვინც, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, საკუთარ საცხოვრებელ გარემოს იცავს და სხვადასხვა მასშტაბური პროექტის მიმართ ლეგიტიმურ და დასაბუთებულ შეკითხვებს სხვამს.