არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ გახშირებული თავდასხმების გამო. მათი განცხადებით, სახალხო დამცველი წარმოადგენს ერთადერთ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს, რომელსაც სახელმწიფო მიტაცების პირობებში მმართველი პარტია ვერ აკონტროლებს.
„განსაკუთრებით საგანგაშოა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მორიგი განცხადება, სადაც მან სახალხო დამცველისა და მის მიერ მოწვეული ექიმების ჯგუფის პოლიტიკურ მიკერძოებასა და შესაძლო სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიანიშნა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ექსპერტთა ჯგუფმა პატიმრობაში მყოფი მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე გასცა დასკვნა, რომლის შინაარსიც მმართველი გუნდის რიტორიკას არ ემთხვეოდა.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციური ორგანოა, რომელსაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი და ზედამხედველობა ევალება. შესაბამისად, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მონიტორინგი, ისევე როგორც, გამოვლენილი დარღვევების თაობაზე საზოგადოებისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება, სახალხო დამცველის პირდაპირი ვალდებულებაა. შესაბამისად, სახალხო დამცველის საქმიანობა ვერანაირად ვერ გახდება მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი და ირაკლი კობახიძის განცხადების მიზანი ამ ინსტიტუტის საქმიანობის ხელშეშლა და მასზე ნეგატიური ზემოქმედების მცდელობა იყო. მეტიც, აღნიშნული განცხადება სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს, წარმოადგენს უხეშ ჩარევას სახალხო დამცველის საქმიანობაში და, შესაძლოა, კანონმდებლობით დასჯადი ქმედების ნიშნებსაც კი შეიცავდეს. გარდა ამისა, დაუშვებელია, სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმების პასუხისმგებლობაზე მითითებაც, როდესაც, ისინი საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ. პროფესიული მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულება ვერ გახდება რაიმე სახის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
სამწუხაროდ, „ქართული ოცნების” წევრებისათვის უკვე ჩვევად იქცა, დისკრედიტაციის მიზნით, სახალხო დამცველის შესახებ დაუსაბუთებელი, შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებებები. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის ერთ-ერთი ბოლო ასეთი განცხადება ფაქტიურად პირდაპირ შეიცავდა აღიარებას, რომ დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელიც კი მმართველი გუნდის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს.
სახალხო დამცველის საქმიანობა ყველა მიუკერძოებელი შემფასებლის მიერ აღიარებულია, როგორც დამოუკიდებელი და მაღალპროფესიონალური. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპარლამენტარებისა და ამნესტი ინთერნეიშენალის ბოლო განცხადებებიც სწორედ ამის დასტურია.
ხელმომწერი ორგანიზაციები, მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს თავდასხმები სახალხო დამცველის მისამართით და შექმნას ყველა პირობა კონსტიტუციური ორგანოს შეუფერხებელი საქმიანობისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.