არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ 21 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მხარდაჭერა მისასალმებელია, რადგან საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება პოლიტიკური გარემოსთვის მნიშვნელოვანია. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ 8 მარტის შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზაციისა და ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების საკითხს ეხებოდა, ფასილიტატორების მითითებით, სრულად არ შესრულებულა.
„მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და ხელისუფლებას, უზრუნველყოს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულება, რათა გამოირიცხოს ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით ანგარიშსწორებისთვის გამოყენების განცდა და ამასთან, დროულად და დაბრკოლებების გარეშე იქნას მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის საარჩევნო სისტემის შესაცვლელად.
იმის გათვალისწინებით, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულება და საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში სტაბილური, უფრო სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო გარემოსთვის უმნიშვნელოვანესია, ვიმედოვნებთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას 8 მარტის შეთანხმების შესასრულებლად და გადადგამს გონივრულ ნაბიჯებს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები სამივე მოსმენით დროულად დამტკიცდეს”, – წერია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TIG)