ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 20 წევრი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ასამბლეის პოლონელი წევრის, ალექსანდრ პოსიეჟის მიერ შედგენილ დეკლარაციაშია საუბარი.
დეკლარაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ დამოუკიდებელი ექიმები, ვინც სააკაშვილის მდგომარეობა შეამოწმა, ამბობენ, რომ მას აქვს რთული ნევროლოგიური მდგომარეობა და განუვითარდა არაერთი დაავადება. ასევე შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლება არ ასრულებს უკრაინისა და საქართველოს ომბუდსმენთა რეკომენდაციებს.
„მას დაუყოვნებლივ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა, სტრესის გამომწვევი ფაქტორებისგან თავისუფალი გარემოში სამკურნალოდ. ამის გარეშე, შეიძლება განვითარდეს დემენცია, სხვადასხვა ორგანოს ფუნქციონირების შეჩერება და სიკვდილი. ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Amnesty International ასევე იზიარებს შეშფოთებებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ ყველაფერი გააკეთოს მისი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნებოდა მკურნალობა ევროპულ სპეციალიზებულ კლინიკაში, რომელსაც უკვე აქვს მსგავსი შემთხვევების გამოცდილება. ეს, უპირველეს ყოვლისა, ჰუმანიტარული საკითხია.
ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ქართული დემოკრატიის არასტაბილურობით და ვშიშობთ, საზოგადოებაში ისედაც ღრმა განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება პოლიტიკური შერიგების პროცესი. პატიმრობის შედეგად სააკაშვილის მძიმედ დაავადებამ ან გარდაცვალებამ შესაძლოა, ამ პროცესს ზიანი მოუტანოს“, – წერია განცხადებაში.
წერილობით დეკლარაციას PACE-ის ოცი წევრი აწერს ხელს, მათ შორის, პოლიტიკოსები ბრიტანეთიდან, ფინეთიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან და სხვა სახელწმიფოებიდან.