„მოვუწოდებთ კონსტრუქციული დიალოგისკენ" - Wolt კურიერების მოთხოვნებს პასუხობს

პუბლიკა

კომპანია Wolt-ის კურიერების პროტესტსა და მათ მოთხოვნებს ეხმაურება. კომპანიის თქმით, დისტანციის სიზუსტით გაზომვისთვის ნავიგაციის სისტემის განახლება იგეგმება. რაც შეეხება ანაზღაურებას, მათივე თქმით, 15 თებერვლიდან ასევე ახალი სისტემა შევა ძალაში, რაც მეტად სამართლიანად დაიანგარიშებს მიტანის ანაზღაურებას. გთავაზობთ განცხადებას სრულად:

„დაზღვევასთან დაკავშირებული თემები:

ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ პარტნიორ სადაზღვევო კომპანიასთან, რათა მომავალში სადაზღვევო შემთხვევები განხილულ იქნას უფრო სწრაფად და პოლისით გათვალისწინებული ანაზღაურება დროულად განხორციელდეს.

რიგ შემთხვევებში დისტანციის მცირედი ცდომილებით გაზომვა:

WOLT-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორი კურიერების მიერ რეალურად დაფარული მანძილის სწორი გაზომვა და განვლილი მანძილის შესაბამისად ანაზღაურება. საკითხის გადაწყვეტის მიზნით პარტნიორ კურიერებთან კონსულტაციის გზით, კომპანიის მიერ მოხდა პარტნიორი კურიერების აპლიკაციის რუკის განახლება და ინერგება Google Map-ის ნავიგაცია, რომელიც მოხსნის განვლილი მანძილის გაზომვის სიზუსტის პრობლემას. ამ ეტაპზე, პარტნიორებისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეკვეთის დისტანციაში მნიშვნელოვანი ცდომილებები კომპენსირდება ხელით. Google Map-ის ნავიგაცია ტესტირების პროცესშია ქალაქ ბათუმში და მოკლე დროში ამ რუკით სარგებლობა პარტნიორი კურიერებისთვის თბილისშიც იქნება შესაძლებელი.

პარტნიორი კურიერების ანაზღაურება:

2023 წლის 1 თებერვალს ჩვენ დავაანონსეთ შეკვეთების ანაზღაურების განსაზღვრის სრულიად ახალი მეთოდი, რომელიც 2023 წლის 15 თებერვლიდან ეტაპობრივად შევა ძალაში. ახალი სისტემით პარტნიორი კურიერების ანაზღაურება ანგარიშდება დინამიკურად, კონკრეტული შეკვეთის პარამეტრებიდან გამომდინარე. შედეგად, ის მეტად სამართლიანად დაიანგარიშებს მიტანის ანაზღაურების ოდენობას მისი შესრულების ძალისხმევის საფუძველზე, რაც  პოზიტიურად აისახება პარტნიორი კურიერების გამომუშავებაზე. ამიტომ, ამჟამინდელი მოთხოვნები არარელევანტურია, რადგან ეხება გამომუშავების ძველი სქემის ცვლილებას, რომელიც უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად შეიცვლება.

გვესმის კურიერების მცირე ჯგუფის უკმაყოფილება და პატივს ვცემთ მათი პროტესტის უფლებას. თუმცა, ჩვენთვის მიუღებელია მათ მიერ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა და საქმიანობაში ხელის შეშლა იმ პარტნიორი კურიერების მიმართ, რომლებიც არ უერთდებიან პროტესტს”, – ნათქვამია განცხადებაში.

Wolt-ის რეგიონული გენერალური მენეჯერის, ნატალია ხიზანიშვილის თქმით, კომპანია ყველას კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს და მენეჯმენტი მზადაა, დიალოგის ფორმატში მოისმინოს ყველა ის საკითხი, რომელიც კურიერებს აწუხებთ.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ პატივს ვცემთ პარტნიორი კურიერების მიერ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლებას.  თუმცა, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ის აგრესიული და შეურაცხმყოფელი ფორმა, რომელშიც გუშინდელი პროტესტი გადაიზარდა. სამწუხაროდ, პროტესტში მონაწილე პარტნიორი კურიერების მცირე ჯგუფმა გამოიყენა მჩაგვრელი და შეურაცხმყოფელი ფორმა სხვა პარტნიორი კურიერების, ჩვენი პარტნიორი რესტორნებისა და კომპანიის თანამშრომლების მიმართ. კომუნიკაციის ეს ფორმა სრულიად მიუღებელია”, – ამბობს ის.