თავდაცვის კოდექსის შესახებ პრემიერ-მინისტრის კომენტარს, რომელმაც „გირჩის“ მიერ შექმნილი „ბიბილიური თავისუფლება“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ვეღარ დაიხსნის, პარტია „გირჩი“ ეხმაურება.
„გირჩის“ განცხადებით, მათი მიზანია, რომ სამხედრო სამსახური იყოს ნებაყოფლობითი და ამისი მიღწევისთვის იბრძვიან. მთავრობას კი სურს, მოქალაქეები იძულებით ამუშაოს ჯარისკაცებად.
„ჩვენ წლებია ვებრძვით მონობას. მონობა ადამიანის ღირსებისათვის შეურაცხმყოფელია. ჯარისკაცობის იძულება (სავალდებულო გაწვევა) მონობაა. ჯარში ის ადამიანები უნდა მსახურობდნენ, ვისაც სურს ქვეყნის დაცვა პროფესიად გაიხადოს. ხოლო პროფესია დაფასებულია, როდესაც ის ნებაყოფლობითი და მაღალანაზღაურებადია.
დიდი ნაწილი იმ ადამიანებისა, ვინც ჩვენ ოფისში მოდის, ხელს აწერს პეტიციას სავალდებულო ჯარის გაუქმების თაობაზე. ათასობით პეტიცია გვაქვს დაგროვებული. ამ თემაზე ჩვენ ველაპარაკებით პარლამენტარებს, მთავრობის წევრებს და საპატრიარქოს წარმომადგენლებს.
პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების შინაარსი კი იმაშია, რომ მთავრობას არ სურს ადამიანებს ხელფასი უხადოს და სურს იძულებით ამუშაოს ჯარისკაცებად. ამას პატრიოტიზმთან, ქრისტიანობასთან ან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
„გირჩის“ განცხადებით, ისინი 50 ათასზე მეტ ადამიანს დაეხმარნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში, თუმცა სანაცვლოდ დაუმსახურებელი კრიტიკა მიიღეს. პარტია მოუწოდებს მოქალაქეებს, ვინც მათი ორგანიზაცია გამოიყენა, რომ ღიად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და დაეხმარონ „ბიბლიური თავისუფლების“ დაცვაში.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დაგვეცვა ადამიანები სავალდებულო მონობისგან (უკვე დავეხმარეთ 50 ათასზე მეტ ადამიანს) და სანაცვლოდ მივიღეთ, ამომრჩევლის გულისწყრომა, ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა და ლანძღვა, რამაც შესაძლებელი გახადა პრემიერ-მინისტრის ასეთი ტიპის განცხადება და ინიციატივა.
მიგვაჩნია, რომ მარტო გირჩს არ შეუძლია დაიცვას „ბიბლიური თავისუფლება“ იმ პირობებში, როდესაც ყველა პოლიტიკური ძალა და ეკლესია ჩვენს წინააღმდეგაა. ჩვენ მოვუწოდებთ ათიათასობით მონობისგან დახსნილ ადამიანს ღიად გამოხატოს თავისი პოზიცია და ჩვენთან ერთად დაიცვას ერთხელ მოპოვებული თავისუფლება“, – აცხადებს „გირჩი“.
მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მუშაობენ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გამორიცხავს „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის დახმარებით სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებას.
„მე ვფიქრობ, ქვეყანაში არ მოიძებნება ამ ქვეყნის პატრიოტი, რომელიც ამ საკითხზე არ წუხს, არ განიცდის და არ ნერვიულობს.
ეს იყო, ე.წ., აი ეს მავნებლური, „გირჩის“ მოგონილი უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროგრამა, რომელიც რეალურად ახალგაზრდებს აბნევდა და სთავაზობდა ალტერნატიულ სამსახურს.
ეს ვიცით, რომ იყო ფიქციური ვითომ რელიგიური სამსახური. ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე, პირდაპირ დავარქმევ ამ სახელს. არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ, ეს ჩვენი ვალია, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ და გეტყვით, როგორ მოვაგვარეთ:
აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც მანამდე ბატონმა ზურა ჯაფარიძემ, დიდი პატივია მისთვის მისი გვარის ხსენება მთავრობის სხდომაზე, ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რომელიც მან ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის, მომავალი თაობის წინაშე. აღმოიფხვრება ეს ხარვეზი და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი, ვითომ ფიქციური რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.