საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანი აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდებიან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მოუწოდებს მთავრობას, სერიოზულად მიუდგნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლეობის მდგომარეობას და მოვუწოდებდით და მოვუწოდებთ, რომ ის ნახონ კვალიფიციურმა, პროფესიონალმა ექიმებმა და შესაბამისი მკურნალობაც ჩაუტარდეს. ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიმართ, იმის მიმართ, თუ როგორ ჩაატარეს მათ მონიტორინგი და შემდგომ რა რეკომენდაციებიც მიიღეს.
მოვუწოდებთ მთავრობას, სერიოზულად მიუდგნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, რადგან სახალხო დამცველის ოფისს აქვს მანდატი, რომ დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება საქართველოში და მიგვაჩნია, რომ ის არის შესაბამისი ორგანო, რომელიც ძალიან კარგად ასრულებს თავის სამუშაოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დეგნანმა.
დღეს მიხეილ სააკაშვილის ოჯახი კანცელარიასთან აქციას გეგმავს.
სახალხო დამცველმა 27 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბოლო ვიზიტთან (11.01.2022) შედარებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. პაციენტი ამჟამად არის უარყოფით კატაბოლურ მდგომარეობაში (ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს – ერთგვარი თვითმონელება). კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ფორმალურად შიმშილობა არ აქვს გამოცხადებული, წინა შიმშილობისგან განსხვავებით, მიმდინარეობს წონის კლება კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილოვანი შიმშილი (მიზეზი – ანორექსია).