მოვუწოდებთ მთავრობას, სმენის ჯანმრთელობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტად გამოყოს - ფონდი „აურეს“

პუბლიკა

დღეს, 3 მარტს მსოფლიოში სმენის მსოფლიო დღე აღინიშნება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ათეულობით ქვეყანასთან ერთად ამ დღეს ყოველწლიურად სმენის დაზიანების პრევენციისა და ყურსა და სმენაზე ზრუნვის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს მართავს და წევრ სახელმწიფოებს ქმედებისკენ მოუწოდებს.

საქართველოში ამ დღეს უერთდება ფონდი „აურეს“, რომელიც სმენის სირთულეების მქონე ახალგაზრდებისა და მშობლების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა.

„მსოფლიოში სმენის დაზიანების გავრცელების ზრდის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ, 2017 წელს ერთხმად მიიღო რეზოლუცია სიყრუისა და სმენის დაზიანების პრევენციის შესახებ (WHA70.13), რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს გამოყონ სმენის ჯანმრთელობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტად, გახადონ მისაწვდომი ყურისა და სმენის მოვლის პროგრამა და მოახდინონ მისი ინტეგრაცია ჯანდაცვის ეროვნულ სისტემებში“, – აღნიშნავს ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ფონდი „აურეს“ ამბობს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, აღიშნული რეზოლუციის იმპლემენტაციის მხარდასაჭერად, დღეს წარადგენს პირველი მსოფლიო ანგარიშს სმენის შესახებ, როგორც ყურისა და სმენის მოვლის გლობალური პროგრამის მომზადების საშუალებას და მყარი საფუძველი იქნება შემდგომი ქმედებებისთვის.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, 2021 წლის სმენის მსოფლიო დღის თემაა „სმენაზე ზრუნვა ყველასთვის! სკრინინგი. რეაბილიტაცია.კომუნიკაცია“.

მთავარი გზავნილები კი, არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, პოლიტიკის შემქმნელებსა და საზოგადოებას მიემართება და მათ ქმედებისკენ მოუწოდებს, რადგან სმენის დაზიანების შემთხვევების 60%-ის პრევენცია, ხოლო მისგან მიყენებული უარყოფითი შედეგების საგრძნობლად შემცირება შესაძლებელია შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებებითა და დროული და ეფექტიანი ჩარევით. მათ შორის:

იმუნიზაცია, დედათა და ჩვილ ბავშვთა მოვლის კარგი პრაქტიკა, ყურის დაავადებების დროული აღმოჩენა და მართვა, რეკრეაციულ სივრცეებში ხმაურით დაბინძურების შემცირებისკენ მიმართული უსაფრთხო მოსმენის სტრატეგიები, ოტოტოქსიკური მედიკამენტების რაციონალური გამოყენება, სმენის დაზიანების ადრეული გამოვლენის მიზნით სხვადასხვა ასაკის ადამიანების უზრუნველყოფა სკრინინგული გამოკვლევებით, ხარისხიანი სარეაბილიტაციო მომსახურებები, მაღალხარისხიანი სმენის დამხმარე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა და სხვ.

ამისთვის, ორგანიზაციის საქმიანობა მიმართულია ქვეყანაში სმენის დაზიანებების მართვის მძლავრი და ეფექტიანი სისტემის შენების ხელშეწყობისკენ, რისთვისაც უმნიშვნელოვანესია ყურისა და სმენის დაცვის ეროვნული პროგრამის შემუშავება.

იზიარებს რა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიციასა და ხედვას ყურსა და სმენაზე ზრუნვის შესახებ, ფონდი „აურეს“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სმენის შესახებ მსოფლიო ანგარიშზე დაყრდნობით:

  1. დაიწყოს WHA70.13 რეზოლუციის იმპლემენტაცია;
  2. გამოყოს სმენის ჯანმრთელობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტად;
  3. შეიმუშავოს ყურისა და სმენის მოვლის ეროვნული პროგრამა და მოახდინოს მისი ინტეგრაცია ჯანდაცვის სისტემაში.


ფონდი „აურეს“ ამბობს, რომ მათი საქმიანობა მიმართულია ქვეყანაში სმენის დაზიანებების მართვის მძლავრი და ეფექტიანი სისტემის შენების ხელშეწყობისკენ, რისთვისაც, მათივე თქმით, უმნიშვნელოვანესია ყურისა და სმენის დაცვის ეროვნული პროგრამის შემუშავება.

სმენის დაზიანების მქონე პირთა რიცხვი, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად იზრდება. 2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 466 მლნ ადამიანს აქვს შესაძლებლობის შემზღუდველი სმენის დაზიანება, მათგან 34 მლნ ბავშვია. ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ეს რიცხვი 900 მლნ-მდე გაიზრდება.